
"რატომ აძლიერებს საქართველო კავშირებს მოსკოვთან?", - ამ სათაურით სტატიას გამოცემა "ობზერვატორი" ავრცელებს.
სტატიის ავტორი, წამყვანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია "ატლანტიკური საბჭოს" მკვლევარი მარკ ტემნიცკია, რომელიც წერს, რომ მიუხედავად ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ დასავლეთთან კავშირების მხარდაჭერისა, საქართველოს მთავრობა ევროპასა და ამერიკას ზურგს აქცევს და ცდილობს, რუსეთთან დაათბოს ურთიერთობები.
ტემნიცკი მიიჩნევს, რომ მთავრობის ეს ქცევა ორმაგად უცნაურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები და დეოკუპაციას არც აპირებს.
"მოქალაქეებისა და ოპოზიციური ჯგუფების ამჟამინდელმა მცდელობებმა თავი ამოწურა, ქართული ოცნება კი, როგორც ჩანს, კურსის შეცვლით დაინტერესებული არა არის. ალბათ საქართველოში ნამდვილი ცვლილების მოტანის ერთადერთი გზა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებია, თუმცა არის ხალხი, რომელიც მიიჩნევს, რომ დრო არ ითმენს", - წერს სტატიის ავტორი.