"ამ ორ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ შოვში ვიღაცამ ნებართვა გასცა, ვიღაცამ ააშენა და ვიღაცამ კონტროლი არ გაუწია სასაკლაოს მშენებლობას," - წერს სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, და შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
"ამ ორ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ შოვში ვიღაცამ ნებართვა გასცა, ვიღაცამ ააშენა და ვიღაცამ კონტროლი არ გაუწია სასაკლაოს მშენებლობას - ზონაში, რომელიც მუდმივად იმეწყრება, იმ მდინარის კალაპოტის გასწვრივ, რომელიც მუდმივად სტიქიურად დიდდება, იმ ქვაბულის ძირში, სადაც სამი ხეობა - სამი პოტენციური სტიქიური ნაკადი - ერთიანდება. ასე, მიყოლებით, სტიქიის უძრავ და აურიდებელ სამიზნედ, როგორც დომინოს მიწყობილი ქვები, ერთი წაკვრით რომ ყველას წააქცევ.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებმა წლები იომეს ამ მშენებლობის წინააღმდეგ, ხელისუფლებამ მათი არ შეისმინა. დღეს ამ ადგილობრივთაგან რამდენიმე დაიღუპა, რამდენიმემ ოჯახის წევრი დაკარგა და გაუბედურდა. იგივე ბედი ეწიათ ტურისტებს. ხელისუფლება კი დადის ბახილებით "შემთხვევის ადგილზე". მთელი საქართველოსთვის კი ეს "შემთხვევის ადგილი" არ არის, ეს შოვის სასაკლაოა," - წერს ნიკა გვარამია.