სტიქიის ზონის მონახულების შემდგე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ადგილზე მისასვლელად სტიქიის ზონის გარშემო რამდენიმე ახალი გზა გაიჭრა, რაც მძიმე ტექნიკის და ცოცხალი ძალის ადგილზე მისვლას გააადვილებს.
პაპუაშვილის თქმით, ინტენსიური სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ე.წ კალცის წყლის ტერიტორიაზეც, რადგან ეს ადგილი დამსვენებლების თავშეყრის ერთ-ერთი ლოკაცია იყო.
''დღესაც ნახეთ თქვენ, რომ ხიდი არის უკვე მოწყობილი. ნახეთ რომ ძალიან ბევრი ტექნიკაა ჩართული. ასევე მაშველები, ჩვენი სამხედროები მუშაობენ ინტენსიურად, რომ იპოვონ ყველა დაკარგული პირი. რაც შეეხება თვითონ ინფრასტრუქტურას, რომ ეს ძებნა იყოს უფრო ეფექტიანი, ორი ახალი გზა მოეწყო სრულად ახალი. ჭანჭახის მარცხენა სანაპიროზე გაიჭრა ახალი გზა. ვინაიდან მარჯვნივ იყო გზა, რომელიც სრულად დაიტბორა. მარცხენა სანაპიროზე გაიჭრა დაახლოებით 700 მეტრი ახალი გზა და მივიდა ე.წ კალცის წყლის წერტილამდე და იქაც მიდის ძებნა. ვინაიდან, როგორც წესი იქ იყო ხოლმე დამსვენებლების, ან ტურისტების შეკრების ადგილი. ასევე კურორტის გარშემო გაიჭრა ახალი გზა, დაახლოებით კილომეტრი და 200 მეტრის სიგრძის, რომელიც თავისთავად ტექნიკის გადაადგილებისთვის არის მნიშვნელოვანი. ასევე ცოცხალი ძალისთვის რომ ყველა მხრიდან იყოს მუშაობა''- განაცხადა პაპუაშვილმა.