
უკრაინა ადასტურებს, რომ კვირას სარაკეტო დარტყმა განახორციელა საგზაო ხიდებზე, რომელიც ყირიმსა და სამხრეთ უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა Telegram-ზე განაცხადა, რომ დარტყმა მოხდა რუსეთისთვის ორ მთავარ საკომუნიკაციო გზაზე – ჩონჰარისა და ჰენიჩესკის საავტომობილო ხიდებზე.
მანამდე რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ე.წ. ხელისუფლებმა და რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელეს ცნობა, რომ კიევი იყო პასუხისმგებელი დარტყმებზე. ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნულმა ე.წ. ხელმძღვანელმა უკრაინას ბრალი დასდო თავდასხმისთვის ბრიტანელების მიერ მოწოდებული Storm Shadow რაკეტების გამოყენებაში. ვლადიმერ სალდო ამტკიცებს, რომ ხიდებს არა სამხედრო, არამედ სამოქალაქო ტრანსპორტი იყენებდა. მისივე განცხადებით, დაზიანდა ხიდთან გამავალი გაზსადენი.