
2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლას ეხმაურება ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მის გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
"ლატვია გმობს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას 15 წლის წინ საქართველოზე თავდასხმით.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.
2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაიჭრა და დაშავდა 2 232 სამხედრო და სამოქალაქო პირი.