საქართველოს სამი მოქალაქე ისევ ოკუპანტების ტყვეობაშია. სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან ჯერ დაჭრილი და შემდეგ გატაცებული ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჯერად სტაბილურია, თუმცა მისი მეუღლის განცხადებით, სრულ ინფორმაციულ ვაკუუმშია არიან და ერგნეთის მორიგ შეხვედრას ელოდებიან.
ხვიჩა მღებრიშვილის სასამართლო პროცესი 20 აგვისტოსაა ჩანიშნული და მას შემდეგ, რაც საოკუპაციო ხაზის კვეთის გარდა ყველა ბრალი მოუხსნეს, ოჯახი იმედოვნებს, რომ სასამართლოდანვე გაათავისუფლებენ.
მღებრიშვილების ოჯახი ადასტურებს, რომ დაკავებულს ოკუპანტებმა მოუხსნეს ღამურებთან დაკავშირებული ბრალდება და იმედოვნებენ, რომ მას მხოლოდ ე.წ. საზღვრის კვეთის გამო გაასამართლებენ და საპატიმროს ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვებს. თუ ხვიჩა მღებრიშვილს არ გაათავისუფლებენ, ამ შემთხვევაში ოჯახი მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას დააკისრებს და მასშტაბურ საპროტესტო აქციებს დაიწყებს.
აქციები გარდაუვალია უკვე, სხვათა შორის, ძალიან დიდი აქციები იქნება, მეჯვრისხევი კი არა, აქ ყველაფერი ბლოკირებული იქნება. ცენტრალურ ტრასასაც გადავკეტავთ, დასავლეთის ტრასას და მერე ვნახოთ, რას იზამენ, - ამბობს მღებრიშვილის ბიძაშვილი.
ახლობლების თქმით, სახელმწიფოს არც ერთ უწყებას მათთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, გახელაძესთან და მღებრიშვილთან ამ დრომდე არ უშვებენ წითელი ჯვრის წარმომადგენლებსაც.
საოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება მარტივი არ იქნება, რადგან გახელაძეს საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის კვეთასთან ერთად შეიარაღებულ თავდასხმასაც ედავება და მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ოკუპანტების ტყვეობაში რჩება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.