დღეს, 7 აგვისტოს, აგვისტოს ომიდან 15 წლისთავზე, საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარს ეწვია, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
იოსელიანი ხელისუფლებას მოუწოდებს მეტი ყურადღება მიაქციოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ცხოვრობენ.
"ადამიანებს უწევთ დღესაც გაუმკლავდნენ ოკუპაციას, დღესაც ხდება სამწუხაროდ ჩვენი მოქალაქეების უკანონოდ გატაცება, მათი დაპატიმრება, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მაქსიმუმი გააკეთოს, რომ ამათი პირობები, ვინც აქ რჩება, არ ტოვებს ამ ადგილებს, იყოს მაქსიმალურად დაცული. ჩვენ ვხედავთ სახლებს, რომლებიც არის დამწვარი, ჩემი აზრით, ეს არ არის საკმარისი საბაბი, რომ 2008 წელს თუ მათ მიიღეს კომპენსაცია დღეს ამ ადამიანების სახლი ასე იყოს დამწვარი და ამაზე არავინ ზრუნავდეს, თვითონ შეკედლებული იყოს რომელიღაც ყოფილი საჯარო დაწესებულების შენობაში. მე ვფიქრობ, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ადამიანებს, რომლებიც რჩებიან ყველაფრის მიუხედავად აქ", - თქვა იოსელიანმა.