15 წელი შესრულდა აგვისტოს ომის დაწყებიდან, ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

აგვისტოს ომის 15 წლის თავთან დაკავშირებით, პრემიერი ღარიბაშვილი ფეისბუქ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ  დროებითი ოკუპაცია, რაც ჯერაც მთავარ გამოწვევად რჩება ქვეყნის სუვერენიტეტისა და შემდგომი განვითარებისთვის:

"15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან; დღევანდელი დღე ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს - რუსულ სამხედრო აგრესიას მოჰყვა დიდი ადამიანური მსხვერპლი, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, რაც ჯერაც მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და შემდგომი განვითარებისთვის.
დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ნათელ ხსოვნას.
ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება; ჩვენ გვამოძრავებს ურყევი რწმენა, რომ მშვიდობიანი, ერთიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველო - საუკეთესო პერსპექტივაა ქართველების, ოსების, აფხაზების, ჩვენს მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისათვის, და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს მიზანი მალე იქცეს რეალობად." წერს ღარიბაშვილი.

 ცნობისთვის, 7 აგვისტოა, დღე როცა  რუსეთის რეგულარულმა სამხედრო ძალებმა  საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გზით გადმოლახეს და  საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ, რასაც სასტიკად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები,  ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი