ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ 2008 წლის ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და ისევ წინა ხელისუფლებას ლანძღავს

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ეს განცხადება მან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა. მან ამჯერადაც წინა ხელისუფლება გალანძღა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მესამე პრეზიდენტი სამარცხვინოდ მოიქცა.

პრემიერმა წინა ხელისუფლებაზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე რუსეთზე.

 "ქართული ოცნების" ხელისუფლება 2008 წელს რუსეთის აგრესიის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს აღნიშნავს. ომი არა 8 არამედ 7 აგვისტოს დაიწყო.

"ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი, ვიცი რა ის ინფორმაცია, რაც ხდებოდა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა. იმ ფონზე, როცა ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა, თავგანწირვა, უამრავი გმირობის მაგალითი დაუტოვეს ჩვენ ხალხს და მომავალ თაობას, მაშინ ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი. გახსოვთ ჰალსტუხის ღეჭვა, გახსოვთ გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო წაქცეული, მიწაზე გართხმული და ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა და ნახა მთელმა საზოგადოებამ, არა მხოლოდ ჩვენ, მთელმა მსოფლიომ ნახა საუბედუროდ", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, 9 აგვისტოს, როცა ჩვენი ქალაქები იბომბებოდა, გმირები იხოცებოდნენ, მაშინდელი უშიშროების საბჭოს წევრებს საერთოდ არ ადარდებდათ დაღუპულები, ტერიტორიების დაკარგვა.

"მთავარი კითხვა, რაც ჩვენ გვაქვს საზოგადოებას, რატომ დავკარგეთ კოდორის ხეობა უბრძოლველად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, რატომ დავკარგეთ 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, რატომ ვერ მოხდა თავის დროზე სათანადო პრევენცია ამ ომის, რატომ ვერ გაკეთდა რისკების შეფასება, ამას მარტივად პატარა ბავშვი გათვლიდა იმ შესაძლო ნაბიჯებს, რომელიც მოჰყვებოდა ამ პროვოკაციებს, რომლებიც ომამდე, ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა", - თქვა ღარიბაშვილმა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი