
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის ომის "წაყრუებამ" მოგვიტანა 2014 და 2022 წლის ომები უკრაინაში.
პაპუაშვილის თქმითვე, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, რომ მიეღო ისეთივე მხარდაჭერა, რომელსაც დღეს იღებს უკრაინის ხელისუფლება. მისი მტკიცებით, წინა ხელისუფლებამ ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, სამწუხაროდ, საერთაშორისო, პოლიტიკის თვალსაზრისით.
"სამწუხაროდ, მაშინ, 2008 წელს ბევრმა ამჯობინა თვალის დახუჭვა. ნაცვლად იმისა, რომ სანქციები დაეწესებინათ რუსეთისთვის, ემბარგო დაუწესეს საქართველოს იარაღის შესყიდვაზე. ნაცვლად იმისა, რომ ჰქონოდათ მკაცრი პოლიტიკა რუსეთის მიმართ ზოგი რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვით იყო დაკავებული - ზოგი სტრატეგიული მილსადენების მშენებლობით, ზოგი კი ომიდან 2 წლისთავზე წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმს მართავდა რუსულ ჯართან ერთად.
ალბათ, ჩვენ ვიყავით ზედმეტად პატარა და ზედმეტად განაპირა. თუმცა, 2008 წელს, ამ აგრესიის წაყრუებამ მოგვიტანა 2014 და 2022 წლის უკრაინა და ომის გადატანა ევროპის განაპირიდან ევროპის შუაგულში. ახლა უკვე ბევრი ქვეყანა ამბობს, რომ ისინი ჩასწვდნენ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის არსს. თუმცა, ახლა უკვე სიტყვები საკმარისი არ არის, ახლა მნიშვნელოვანია საქმე. საქართველომ თავისი წილი ომისა უკვე იომა, მე მესმის, რომ სხვებს არ უნდათ შეიძლება ომი, თუმცა მათი ვალდებულებაა ახლა უკრაინას დაუდგნენ გვერდში, რათა მან არ წააგოს ეს ომი. [...]
მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, რომ მიეღო ისეთივე მხარდაჭერა, რომელსაც დღეს იღებს უკრაინის ხელისუფლება. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ,სამწუხაროდ, საერთაშორისო, პოლიტიკის თვალსაზრისით. ჩვენ ვხედავთ, რა მხარდაჭერაა აქვს უკრაინას დღეს და ჩვენ გვახსოვს მაშინდელი მხარდაჭერა რა იყო. სამწუხაროდ, ჩვენ მაშინ ვიყავით მარტო და ვიყავით პატარა და ამიტომაც დავმარცხდით. და არ გვქონდა მაშინ არანაირი სამხედრო დახმარება," - განაცხადა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.