
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ შოვის ტრაგედიის შედეგებთან გასამკლავებლად და სამაშველო ოპერაციისთვის სახელმწიფოს დამატებითი რესურსები არ სჭირდებოდა.
მისივე მტკიცებით, იმ არეალში ღამის ფრენის აპარატურით ვერტმფრენის ფრენა, ისეთივე საფრთხისშემცველია, როგორიც მის გარეშე იქნებოდა.
"თქვენ როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოს სჭირდებოდა დამატებითი რესურსი და მაგალითად აზერბაიჯანს უთხრა უარი?! ეს სერიოზულია ახლა ამ კითხვის დასმა. [ამის საჭიროება ჩანს] ტყუილია. შუქი არ ჰქონდაო ვერტმფრენს, რომ ამბობთ, ეს უბრალოდ არასერიოზულია. ვერტმფრენს არ ჰქონდა შუქი, ისიც არ იცით რას ნიშნავს ღამის ხედვის აპარატურა, თქვენ გგონიათ, რომ ფარები აქვს დაყენებული ვერტმფრენს. არასერიოზულია, ჯერ გაერკვიეთ. რაც შეეხება ღამის ხედვის აპარატურას, მისი ამოცანა არ არის უსაფრთხოების სტანდარტის გაუმჯობესება, ისეთივე საფრთხისშემცველია ღამის ფრენის აპარატურით ვერტმფრენის ფრენა იმ არეალში, როგორც იქნებოდა ამის გარეშე. ამიტომ სერიოზული კითხვები დასვით, სერიოზულად მოემზადეთ ხოლმე", - თქვა კობახიძემ.
მან კრიტიკული კითხვების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სპეკულირება შეუძლიათ ყველა თემაზე. მისივე მტკიცებით, ადგილზე ყველა საშუალება იყო, რომ "მოძიებულიყო ყველა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა გადარჩენის შესაძლებლობა".
"ვერტმფრენები იყო თავიდან ბოლომდე საკმარისი იმ ამოცანების შესასრულებლად, რომელიც იდგა სამაშველო სამსახურის წინაშე", - თქვა კობახიძემ.
იხილეთ: