"ოცნებამ" შეწყვიტოს თავდასხმები, მედიას მისცეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების საშუალება - კოალიცია შოვზე

გამოქვეყნდა:

მედიის ადვოკატირების კოალიცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს. ორგანიზაცია ამბობს, რომ სწორედ აღნიშნულ მძიმე დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის საქმიანობა და მის მიერ საზოგადოებისთვის ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება.

"სამწუხაროდ, ამ დღეებში კიდევ ერთხელ მოწმეები გავხდით ხელისუფლების მცდელობებისა, გააჩუმოს და დააშინოს ჟურნალისტები, რომლებიც უბრალოდ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ. ეს თავდასხმები გამოხატვისა და პრესის თავისუფლების აშკარა დარღვევაა", - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციას კონკრეტულ მაგალითად "მთის ამბების" რედაქტორზე, გელა მთივლიშვილზე, თავდასხმები მოჰყავს, როცა მას შოვის სტიქიის გაშუქებისას საჯარო მოხელე "წყალში გადაგდებით" ემუქრებოდა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე "არაკაცს" უწოდებდა, ხოლო პარლამენტის სპიკერი ერთ-ერთი პოსტის წაშლაზე მიუთითებდა.

„მთის ამბების“ რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, მედიის ერთ-ერთი პირველი  წარმომადგენელი იყო, რომელიც საზოგადოებას შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. გელა მთივლიშვილს  საჯარო მოხელე „წყალში გადაგდებით“ მხოლოდ იმიტომ დაემუქრა, რომ ის სტიქიას აშუქებდა. გელა მთივლიშვილის განცხადებით, აგრესია მათ მიმართ მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „არაკაცი“ უწოდა, ხოლო პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა, პოსტის წაშლაზე მიუთითა. ასევე მიმდინარეობდა გელა მთივლიშვილის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. 

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პოლიცია მედიის წარმომადგენლებს შოვში აღარ უშვებდა. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ხელისუფლების მხრიდან სიტყვიერი თავდასხმების, შეურაცხყოფის, დეზინფორმაციისა და მედიის საქმიანობაში უკანონო ჩარევის ბოლო შემთხვევებს.  სტიქიური უბედურების დროს გელა მთივლიშვილმა და მისმა კოლეგებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს და დღესაც ასრულებენ საზოგადოების ინფორმირებაში შოვში არსებული სიტუაციისა და ხელისუფლების მიერ სტიქიური უბედურების პრევენციისა და დაზარალებულების დახმარების შესახებ," - ნათქვამია განცხადებაში. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები მედიაზე და პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლებას და მისცეს მედიას პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი