დიდმა ბრიტანეთმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიას 19 ახალი პირი და ორგანიზაცია დაამატა.
სანქცირებულთა შორისაა ბელარუსის ორშას თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა და ბორისოვის ელექტრონული იარაღის სარემონტო ქარხანა.
ანტირუსული სანქციების სიას დაემატა რამდენიმე ირანელი ფიზიკური პირი და სუბიექტი. ესენი არიან დრონების მწარმოებელი კომპანია Paravar Pars Company და თავად კომპანიის ხელმძღვანელები. სიას ასევე დაემატა რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ფირმა და კერძო პირი თურქეთში, დუბაიში, სლოვაკეთსა და შვეიცარიაში, რომლებსაც ბრიტანეთის ხელისუფლება სანქციების გვერდის ავლის სქემების მონაწილეებად მიიჩნევს.
„დღევანდელი სანქციები მნიშვნელოვანი ეტაპია და კიდევ უფრო შეამცირებს რუსეთის არსენალს და გაამკაცრებს მიწოდების ქსელს, რომელიც მხარს უჭერს პუტინის სამხედრო ინდუსტრიას“, - თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ.