სახელმწიფო აუდიტის 2020 წლის დასკვნა, საიდანაც ჩანს, რომ ხელისუფლებას პროტოკოლი არ აქვს. რაც არსებობს- 5 წლის წინ შემუშავებული და მას შემდეგ განუახლებელია. ოცნებამ ბოლოს 2018 წელს იმსჯელა და დაამტკიცა დოკუმენტი, როგორ უნდა მართოს სტიქიები. სტრატეგია თავიდანვე დახარვეზებული და პრობლემური იყო. არადა, საქართველო კატასტროფების მაღალი რისკის მქონე ქვეყნად ითვლება. 2020 წლის სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, ფაქტობრივად პასუხს სცემს 2023 წლის 3 აგვისტოს შოვის ტრაგედიას. ყველა საჭირო ზომა რომ მიეღო ხელისუფლებას, როგორც მინიმუმ დანაკარგი მნიშვნელოვნად მცირე იქნებოდა.
აუდიტის დასკვნის დოკუმენტის ადრესატი 4 უწყებაა - შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, უსაფრთხოების საბჭო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. იქ დეტალურად წერია, რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას იმისთვის, რომ რისკ-ზონების ეფექტური კონტროლი დანერგილიყო და ასე კატასტროფის შედეგები თავიდან აგვეცილებინა. წერია სასიგნალო მოწყობილობების დამონტაჟების აუცილებლობაზეც, დრონებით მუშაობით სპეციფიკაზეც, პირდაპირ ვკითხულობთ იმას, რომ უკანონო მშენებლობები რისკ-ზონებში ჭალებსა და მდინარეების მიმდებარედ იქნებოდა პრობლემა და სერიოზული საფრთხის წინაშე ჩააყენებდა მოსახლეობას, მაგრამ უნებართვოდ მაინც გრძელდებოდა მშენებლობები.
თუმცა მთავარ პრობლემას სახელმწიფო აუდიტის დასკვნის პირველივე გვერდზე ვხვდებით - 2019 წლის შემდეგ, ანუ 5 წლის განმავლობაში არ განახლებულა საქართველოს საფრთხეების შეფასების მთავარი დოკუმენტი. ეს მაშინ, როდესაც სტატისტიკის მიხედვით, კატასტროფების რისკი საქართველოში საშუალოზე მაღალია.