
პარლამენტის თავმჯდომარე შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას "არასერიოზულს" უწოდებს და აცხადებს, რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს "ოპოზიციის მოუმწიფებლობას." შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციას შეუძლია განაცხადოს კონკრეტულად რა ტიპის ინფორმაცია სჭირდება და არ აქვს და მიიღებენ.
"ყველა ინფორმაცია, თუკი რაიმე საინტერესო არის ვინმესთვის პარლამენტში, ყველა ინფორმაცია არის საჯარო, მეც მოგახსენეთ დღეს ბევრი ესეთი ინფორმაცია და ამ დღეებში ქვეყნდებოდა კიდევაც ეს ინფორმაციები. ასევე, რაიმე პრობლემა პარლამენტის წევრებს რომ ჰქონდეთ ეს ინფორმაცია საჯარო წყაროებიდან მიიღონ, მიიღონ დეპუტატის შეკითხვის საფუძველზე თუ ა.შ. არანაირი პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ არის.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი ოპოზიციის მოუმწიფებლობას, ზოგადად. ხედავთ, რომ როგორც კი დაინახავენ რაღაც თემას რომელზეც შეიძლება, ფიქრობენ, რომ შეუძლიათ პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება, ეგრევე აყენებენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, შემდეგ ავიწყდებათ ხოლმე ამ კომისიის იდეა და არც გამოაქვთ პლენარულ სხდომაზე და ა.შ. ნუ, არასერიოზულია. თქვან რა ინფორმაცია სჭირდებათ მათ და არა აქვთ, და სადეპუტატო შეკითხვით იქნება თუ სხვანაირად, ამ ინფორმაციას მიიღებენ," - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა. როგორც პარტია ''ხალხისთვის'' ლიდერი ანა დოლიძე აცხადებდა, შოვის შემთხვევაზე იკვეთება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნები, რაც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გულისხმობს.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას 20 ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა, სამძებრო-სამაშველოს სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და მაშველები 13-მდე პირს ეძებენ.