"ნაციონალური მოძრაობა" შოვის სტიქიაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობა" შოვის სტიქიაზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. დეპუტატ თინა ბოკუჩავას განცხადებით, კომისიის შექმნა მიზანშეწონილად მიაჩნიათ იმ პირობებში, როცა საგამოძიებო უწყებების მიმართ ნდობა ნულოვანია. 

"უპირველეს ყოვლისა ვუსამძიმრებ რაჭის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ასევე, მადლობას ვუხდი თითოეულ მაშველს თუ მოხალისეს, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. ორი მთავარი კითხვაა დღეს, როდესაც მსხვერპლი დღითიდღე იზრდება:

  • იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში და
  • იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან?" - განაცხადა ბოკუჩავამ ბრიფინგზე.

ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლება, მათ შორის პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პირადად, ჰპირდებოდა მოსახლეობას მრავალი წლის განმავლობაში მონიტორინგის სისტემის დანერგვას.

"ჯერ კიდევ 2014 წლის საქართველოს სოციალურ ეკონომიკურ სტრატეგიაში პრიორიტეტულ ამოცანად არის განსაზღვრული ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემების დანერგვა.  იგივე მიზანი ფიგურირებს სხვა ოფიციალურ სახელმწიფო დოკუმენტებშიც. მონიტორინგის სისტემის დანერგვისთვის 70 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო სახელმწიფომ ჯერ კიდევ 2018 წელს დასავლელი პარტნიორებისგან სისტემის დანერგვა პრიორიტეტად არის გამოყოფილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც; მაგრამ ვხედავთ, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემა დღემდე არ არის შექმნილი და ბიუჯეტით გაწერილი პროგრამა არ არის განხორციელებული.  მეტიც, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც ახლა ეკონომიკის მინისტრი და ვიცე პრემიერია და რომელიც 5 წლის წინ ამტკიცებდა მონიტორინგის სისტემის აუცილებლობას, დღეს ამბობს, რომ „მსგავსი ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში, რაც არ უნდა სისტემები გვქონდეს“ და ამით გაფრთხილების სისტემის არ არსებობას და შესაძლო ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას ამართლებს", - თქვა ბოკუჩავამ.

ენმ სთხოვს ყველა ოპოზიციურ პარტიას, ერთობლივი ძალისხმევით მოითხოვენ ხელისუფლების ანგარიშვალდებულება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი