დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ სტრატეგიულ მიმართულებებზე საფრთხეები გაიზარდა, სერიოზული დესტაბილიზაციის ფაქტორია ფინეთის, ხოლო მომავალში - შვედეთის ნატოში შესვლა - აცხადებს აგრესორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.
მისი თქმით, ფინეთის ტერიტორიაზე, სავარაუდოა, რომ ნატო დამატებით სამხედრო კონტინგენტს და შეიარაღებას განალაგებს - "რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით კრიტიკულ ობიექტებს დაარტყან" - განაცხადა შოიგუმ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საბჭოს სხდომაზე.
შოიგუ დასავლეთ საზღვრებზე ჯარების დაჯგუფების გაძლიერების შესახებ საუბრობს:
„დღეს ჩვენ განვიხილავთ ლენინგრადისა და მოსკოვის სამხედრო ოლქების შექმნისა და ჩვენს დასავლეთ საზღვრებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერების საკითხებს“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, არსებული რისკები დაკავშირებულია "პოლონეთის მილიტარიზაციასთან, რომელიც გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ანტირუსული პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი".
შოიგუს მტკიცებით, რუსეთისთვის საფრთხეა პოლონეთის გეგმები არმიის გაძლიერების შესახებ.