რაჭა და ქვემო სვანეთი ქვეყნის უღარიბესი რეგიონებია, თუმცა მათ მულტიმილიონერი დეპუტატი გოჩა ენუქიძე წარმოადგენს - წერს ფლანგვის დეტექტორი და ენუქიძის ქონების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
ენუქიძე 2008-12 წლებში ამბროლაურის მაჟორიტარი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გახდა, ხოლო 2016-20 წლებში ის ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატად ქართულმა ოცნებამ წარადგინა.
"2023 წლის მონაცემებით, მესტიის მოსახლეობის 35,7%, ონის მოსახლეობის 31%, ხოლო ამბროლაურის მოსახლეობის 30.5% სახელმწიფო შემწეობის მიმღები იყო.
გოჩა ენუქიძის სახელი 28 კომპანიას უკავშირდება, მათ შორი შპს იბერკომპანის, რომელსაც უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვით ₾4 მილიონზე მეტი აქვს ბიუჯეტიდან მიღებული.
დეპუტატი წილს ფლობს შპს არქი თაუერშიც, რომლის ყოფილი მეწილე (22.5%) ამჟამად შოვში “სანსეტ შოვის” მფლობელი კომპანიის დირექტორი ირაკლი ქაფიანიძეა.
2023 წლის დეკლარაციის მიხედვით გოჩა ენუქიძისა და მისი მეუღლის საკუთრებაში 13 უძრავი ქონება და 161,200 ევროს ღირებულების ასტონ მარტინის მარკის ავტომობილია.
აგრეთვე, მას ჰყავს ორი სრულწლოვანი შვილი, რომელთა ქონება დეკლარაციაში შესული არ არის, თუმცა TI საქართველოს 2020 წლის მონაცემებით შვილი, თინა ენუქიძე 10 კომპანიაში ფლობდა წილებს ან დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
2021 წლის განმავლობაში გოჩა ენუქიძის მიკროფონი პარლამენტში მხოლოდ 2-ჯერ ჩაირთო, 2016-19 წლებში კი მან პარლამენტში ხმა მხოლოდ 7-ჯერ ამოიღო.
გოჩა ენუქიძემ ე.წ. რუსულ კანონს პირველი მოსმენით განხილვის ეტაპზე მხარი დაუჭირა და მონაწილეობა არ მიუღია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კენჭისყრაში." წერს ფლანგვა.