სახალხო დამცველის სამედიცინო კომისიის დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ენმ-ის ჯანდაცვის მიმართულების მდივანი ლევან მეტრეველი გამოეხმაურა. მისი თქმით, გასაჯაროებული დასკვნა, მიუხედავადა ვივა მედის მიერ მიწოდებული მწირი ინფორმაციისა, არის იმის ანალოგი რასაც ექიმები აქამდეც საუბრობდნენ.
„პირველი ამბავი გახლავთ ის, რომ „ვივა მედის“ მწირი ინფორმაციის საფუძველზე, რაც მან მიაწოდა სახალხო დამცველის კომისიას, ამ კომისიამ დადო ის დასკვნა, რის შესახებაც ჩვენ ყველა ვსაუბრობდით, ყველა ჯანსაღი ექიმი, რომ მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის ნელი მკვლელობის მცდელობა და რომ სიტუაცია არანაირად არ უმჯობესდება, პირიქით, უარესდება, როგორც ნევროლოგიური, ასევე, სხვა სისტემების თვალსაზრისით.
მეორე პრობლემა, რაც ამ დასკვნაშია და ესეც არ არის ბრალეულობა ომბუდსმენის კომისიის, არამედ „ვივა მედის“, რომ მთელი რიგი ამბები, განსაკუთრებით კლინიკური ამბები გამორჩენილია, პირველ რიგში ეს არის მძიმე მეტალებით მოწამვლა, საერთოდ არ არის აქ ამაზე საუბარი.
ასევე, დოქტორ კობის მიერ დიაგნოსტირებული მარცხენა მხრის და მენჯ-ბარძაყის სახსრების დაზიანება, რომელიც სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს. ესეც არ არის, თითქოს მიხეილ სააკაშვილს ამის გამო გაუსაძლისი ტკივილი არ აქვს. აქ ერთის მხრივ არის ნელა, ეტაპობრივად მკვლელობის მცდელობა და მეორეს მხრივ არის ტანჯვის მიყენება, ფაქტობრივად წამება.
კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ომბუდსმენის კომისიის წევრ პროფესიონალებს, რომ მათ ამ მწირი ინფორმაციის საფუძველზე მოახერხეს ობიექტური დასკვნების გამოტანა.“ - განაცხადა მეტრეველმა
სახალხო დამცველთან არსებულმა კონსილიუმმა მესამე პრეზიდენტის მდგომარეობაზე ახალ დასკვნა დღეს გამოაქვეყნა, რომლითაც ირკვევა, რომ მისი ჯანმრთელობა ისევ საყურადღებოა - ნარჩუნდება ნელი დინამიკა გაუარესებისკენ - ნათქვამია დასკვნაში და აღნიშნულია, რომ 14 ივლისის შემდგომ აღინიშნება ლეიკოციტების შემცირება და ნევროლოგიური სტატუსი პრაქტიკულად უცვლელია.
ექიმთა ჯგუფის მორიგი ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან სექტემბერში იგეგმება.