პარტია "ლელოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი რიკოთის საკითხის შესასწავლად საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნას ითხოვს.
დათუნაშვილის თქმით, საჭიროა საერთაშორისო აუდიტს ჩატარებაც, რომელიც კონსტრუქციულ, ფინანსურ და კორუფციულ რისკებსა და შესრულების ვადებს შეისწავლის. როგორც "ლელოს" წევრი ამბობს, რიკოთის მაგისტრალის მშენებელი კომპანიები ბევრ ქვეყანაში "კორუფციულ სკანდალებსა" და "სამშენებლო კატასტროფებში" არიან გახვეულნი.
"ვითხოვთ, საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნას და რიკოთის საკითხის დეტალურად შესწავლას. იმიტომ, რომ დღეს საქართველოსთვის და მისი ყველა მოქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რიკოთის უღელტეხილზე გამავალი ჩქაროსნული გზა. მაგრამ საქართველოს ყველა მოქალაქე, ფაქტიურად, ყოველი მეორე კვირაში ერთხელ მაინც კვეთავს საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალს და მისი სიცოცხლის საფრთხე დღეს რისკის წინაშე დგას, როდესაც ვიცით რა კომპანიები ოპერირებენ იქ.
ეს კომპანიები მსოფლიოს არცერთ წერტილში არ იცავენ არავითარ სტანდარტს და რომ ეს კომპანიები ძალიან ბევრ ქვეყანაში გახვეულები არიან კორუფციულ სკანდალებში და აგრეთვე სამშენებლო კატასტროფებში. ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთადერთი გამოსავალი აქ არის მაღალი ნდობის მქონე საერთაშორისო აუდიტის ჩატარება, რომელიც შეისწავლის როგორც კონსტრუქციულ ნაწილს, ისე ფინანსურ დარღვევებს, ის კორუფციულ რისკებს და შესრულების ვადებს," - განაცხადა დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, რიკოთის გზას სამი ჩინური კომპანია აშენებს და სამივე კომპანია სხვადასხვა დროს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული როგორც ჩინეთის, ისე სხვა ქვეყნების ხელისუფლებების მიერ.
მსოფლიო მნიშვნელობის რიკოთი უღელტეხილის გზა სამ მონაკვეთად არის დაყოფილი და თითოეულ მონაკვეთზე სხვადასხვა კომპანია მუშაობს. პირველი მონაკვეთზე სამუშაოებს ასრულებს "China construction enjainering," მეორეზე "Human road and bridge," ხოლო მესამეზე "China road and bridge."