
ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ რიკოთის უღელტეხილის მშენებლობასთან დაკავშირებით უსაფუძვლო ბრალდებები და ცილისწამება ვრცელდება. მისი განცხადებით, ხელოვნურად ხდება მოსახლეობის დაძაბვა და დაშინება.
მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დღეს, 6 საათზე, ონში, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გაიმართება შეხვედრა, სადაც ყველა კითხვას უპასუხებენ. დეპუტატების ნაწილი მინისტრს პარლამენტში იბარებს.
"გუშინ მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიცრუე, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამება, ასეთი ტიპის კამპანია მანამდეც იყო, მაგრამ შოვის სტიქიის ასე ვთქვათ, პარალელების გავლება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, მიუღებელი. გამომდინარე იქიდან, რომ გუშინ ამდენი უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდება, ცილისწამება მოვისმინეთ, თქვენც ამდენი კითხვა გაქვთ, ამიტომ მე მგონია, რომ სხვა ფორმატი აჯობებს, რომ შევარჩიოთ ამ საკითხის განსახილველად, ფორმატი, რომელშიც თქვენ და საზოგადოებას აუცილებლად მიეწოდება ინფორმაცია, ვინაიდან ყველაზე მიუღებელი ამაში რაც არის, მდგომარეობს იმაში, რომ ხდება ჩვენი მოსახლეობის ხელოვნურად დაძაბვა, დაშინება, შეშინება, ისეთი სიცრუის მოყვანა, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს, ყველა, თქვენც აქ ხართ, ჩვენც აქ ვართ, ყველა ერთად ვართ, ერთად განვიცდით რაც აქ ხდება, ამ ფონზე, ნამდვილად ასეთი ქმედება არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი", - ამბობს ქარსელაძე.
შეგახსენებთ, რიკოთზე მიმდინარე მშენებლობაზე საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას ითხოვს პარტია "ლელო". პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, უნდა შემოწმდეს უსაფრთხოება, ეკოლოგიური ზემოქმედება, გარემოს დაცვა, მეწყერსაშიში ზონები, მონიტორინგის სისტემა, ფინანსები და ა.შ