სი ძინპინი შთაგონების მომცემი ლიდერია - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერი და მასშტაბური ხედვის მქონე, ბრძენი ადამიანია, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა თავისი დიდი ერისთვის, სრულად ვუჭერთ მხარს მის ინიციატივებს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ორმხრივ შეხვედრაზე გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე,  ასევე მმართველობისა და სხვა ინიციატივების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ჩინეთიდან და პრეზიდენტ სი ძინპინისგან მოდის.

„გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია. ის მასშტაბური ხედვის მქონე, ბრძენი ადამიანია, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა თავისი დიდი ერისთვის. ის ძალიან ამბიციურ პროექტებსა და რეფორმებს ახორციელებს თქვენი ქვეყნისა და ერისთვის.
მიმაჩნია, რომ ის შთაგონების მომცემი ლიდერია. ორმხრივი შეხვედრისას ვისაუბრეთ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობის, მმართველობისა და სხვა ინიციატივების შესახებ, რომლებიც ჩინეთიდან და პრეზიდენტ სი ძინპინისგან მოდის.ძალიან დაინტერესებული ვარ ჩვენი ორმხრივი კავშირების, ურთიერთობის, მეგობრობისა და ნდობის გაძლიერებით ჩინეთის მთავრობასთან და პრეზიდენტ  სი ძინპინთან. გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივებს და აქვე გეტყვით რატომ. ყველა მისი ინიციატივა მშვიდობისკენ, პროგრესისკენ, მოდერნიზაციისკენ, კეთილდღეობისა და განვითარებისკენ არის მიმართული. მიმაჩნია, რომ ეს შესანიშნავია! სწორედ ეს სჭირდება მსოფლიოს დღეს. მსოფლიოს დღეს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სჭირდება! ყველა ერზე ვამბობ, ეს მთელ პლანეტას სჭირდება!
პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივები, ვიტყოდი, ჭეშმარიტად გამორჩეულია.  მიმაჩნია, რომ ეს ინიციატივები შთაგონების წყარო იქნება ბევრი ერისა და ქვეყნისთვის“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.

„ეს ჩემთვის ისტორიული ვიზიტია. უპირველეს ყოვლისა, გულწრფელი მადლობა მინდა გამოვხატო პრეზიდენტ სი ძინპინისადმი, რომელმაც დელეგაციასთან ერთად მომიწვია ჩინეთში. გვაქვს ძალიან კონკრეტული შედეგები, ეს ვიზიტი ძალიან წარმატებულია.
ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ სი ძინპინთან. ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო მასთან. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო გულწრფელი მადლიერება მისდამი ჩინეთში მოწვევისთვის. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო არსებული ურთიერთობის შემდეგ დონეზე აყვანის გადაწყვეტილება, რომელიც ერთად მივიღეთ.. ამდენად, საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი და, მე ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება.
ამიტომ, ნამდვილად კმაყოფილი ვარ, ძალიან  სასიამოვნოა, რომ ეს შესაძლებელი გავხადეთ. დღეს სიამაყით ვამბობ, რომ ჩინეთი და საქართველო უკვე სტრატეგიული პარტნიორები არიან. ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ეს ისტორიული ვიზიტია და შინ კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით ვბრუნდები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, ღარიბაშვილი ჩინეთში ვიზიტით ივლისის ბოლოს იმყოფებოდა. სი ძინპინს ის 28 ივლისს შეხვდა. ღარიბაშვილის ინტერვიუ ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან საქართველოს მთავრობამ დღეს გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი