გიორგი შაქარაშვილის საქმის "ოქროს მოწმის" ახალი ჩვენება, რომელმაც შესაძლოა 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმე თავდაყირა დააყენოს. პროკურორ დავით ყაზარაშვილის თქმით, გური ამირხანაშვილი ამბობს, რომ "ტოიტა ქამრიში" იძულებით ჩასვეს. მისივე თქმით, მოპოვებულია ახალი ვიდეომტკიცებულებებიც.
ამირხანაშვილი ამბობს, რომ იძულებით ჩასვეს მანქანაში... პროკურატურა არაფერს მალავს. ყველა ეს მასალა და მტკიცებულება ადვოკატებს გადაეცათ. თუმცა უშუალოდ ტელევიზიების საშუალებით და სხვა მასმედიის საშუალებით. ყველა ის მასალა, რომელიც საქმეში არის მოთავსებული და აქამდე საჯაროდ ვრცელდებოდა, ასაჯაროებდნენ ადვოკატები თუ ჟურნალისტები. ეს პროცესი ხელს უშლის გამოძიებას. შესაბამისად, ის მოწმეები რომლებიც მოდიოდნენ დასაკითხად, იცოდნენ რა გარემოებების ირგვლივ იკითხებოდნენ, წინასწარ ემზადებოდნენ ამ ყველაფრისთვის და შესაბამისად, ეს გარემოებები მნიშვნელოვნად უშლიდა ხელს გამოძიებას. აქიდან გამომდინარე, კონკრეტულად მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გახდა, რომ შეზღუდულიყო ინფორმაცია, - ამბობს დავით ყაზარაშვილი.
დღეს, 13 აგვისტოს, მცხეთაში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების წინასასამართლო სხდომის თარიღი უნდა განისაზღვროს. სხდომას დღესვე ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და 2 არასრულწლოვანიც დაესწრებიან, ისინი ვისაც ძიება ახლა სისხლის სამართლის 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება.
დღევანდელ სხდომას ასევე ესწრებიან სახაზინო ადვოკატებიც, რომლებიც პროკურატურამ დაკავებულებს მათი დამცველების მიერ გაუთქმელობის პირობის გაპროტესტების გამო დაუნიშნა.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.