მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი ცეცხლის ალში - კუნძულ ჰავაიზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, რომელსაც, სულ მცირე, 80 ადამიანი ემსხვერპლა. ევაკუირებულია 11 ათასზე მეტი მოსახლე.
ჰავაის შტატის გუბერნატორის განცხადებით, ხანძრის შედეგად განადგურებულია 1 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა. მათ შორის საცხოვრებელი სახლები, ბიზნესცენტრები, ვილები და ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომლის აღდგენასაც რამდენიმე წელი და მილიარდობით დოლარი დასჭირდება. წინასწარი მონაცემებით ზარალი რამდენიმე მილიონ დოლარს აჭარბებს.
ისტორიული ზღვისპირა ქალაქის, ლაჰაინას 80 პროცენტი განადგურებულია. ზუსტად უცნობია რამდენი ადამიანია დაკარგული.
ეს ხანძრები გახდა ყველაზე მომაკვდინებელი ბუნებრივი კატასტროფა ჰავაიში 1959 წლის შემდეგ.
ანომალიური სიცხითა და ქარიშხლით გამოწვეული ხანძარი მალევე გავრცელდა კუნძულ მაუის ტერიტორიაზეც. მოსახლეობის სწრაფი ევაკუაცია ამ შემთხვევაშიც, მძიმე პირობების გამო, დროულად ვერ მოხერხდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში კუნძულ ჰავაის მეხანძრე მაშველების გარდა ჩართულები არიან სხვა შტატების დამატებითი ბრიგადებიც. პრეზიდენტმა ბაიდენმა, სპეციალურ ბრიფინგზე პირობა დადო რომ ჰავაის მოსახლეობას სრულ დახმარებას აღმოუჩენენ.