ძალიან საინტერესო კონკურენცია იქნება ვაკის ოლქში - ლევან კობერიძე

გამოქვეყნდა:

"ლელო საქართველოსთვის" მიერ ვაკის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილი ლევან კობერიძე თვლის, რომ საარჩევნო ოლქში ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან თითო კანდიდატის დაყენება, ქართული რეალობისთვის შეუსაბამოა. 

როგორც მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" თქვა, მას ვაკეში ოპოზიციის საერთო კანდიდატის, ელენე ხოშტარიასთვის თავისი კანდიდატურა არ დაუყენებია და ეს გადაწყვეტილება მან და პარტიის წევრებმა ერთობლივად, კონსულტაციის შედეგად მიიღეს.

მე ელენე ხოშტარიასთვის არ დამიყენებია ჩემი თავი. მემგონი არჩევნები არის იმისათვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს არჩევანი, იყოს კონკურენცია. საერთოდ არ მგონია, რომ ვინმე ვინმეს უყენებს კონკურენტად თავს. ყველას ჰყავს თავისი ამომრჩეველი. ყველას აქვს და უნდა ჰქონდეს თავისი ხედვა ქვეყნის განვითარების. შესაბამისად, "ლელოსთან" ერთად მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და ვარ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, - ამბობს კობერიძე.

კობერიძე დარწმუნებულია, რომ: "ძალიან საინტერესო კონკურენცია იქნება ვაკის ოლქში, მათ შორის ელენესთან [ხოშტარია] მიმართებით და საბოლოო ჯამში, ის ადამიანები დარჩებიან მოგებული რომლებიც დაინახევენ, რომ არსებობს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, ყველა იპოვის მოსაწონ კანდიდატს და შესაბამისად ადამიანები, მოსახლეობა გადაწყვეტს, ვისი მოსაზრებები და იდეები, შემართება და დაპირება უფრო მისაღებია მათთვის".

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი საინტერესო სწორედ მრავალფეროვნებისა და კონკურენციის გამოა.
"კონკურენციის დროს გამოჩნდება, რამდენი კანდიდატიც არ უნდა იყოს, სწორედ იქ უნდა გაიმარჯვო და ნახო შენ შენი ამომრჩეველი ესაუბრო და მიიღო ნდობა".

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურმა პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლევან კობერიძე წარადგინა. და ეს იმ დროს, როცა ივნისის ბოლოს, "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ "ლეიბორისტული მაგიდის" ირგვლივ შეკრებილმა ოპოზიციურმა ერთობამ ვაკეში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატად წარდგენილ ელენე ხოშტარიას მხარდაჭერა გამოუცხადა. 

"ლეიბორისტული მაგიდის" ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთია: 

  • ვაკის რაიონში კენჭს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია იყრის;
  • გლდანში მაჟორიტარობისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იბრძოლებს;
  • ამავე პარტიის წევრი, ლევან ხაბეიშვილი სამგორის ოლქში წარადგინეს;
  • მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე იქნება;
  • "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი კენჭს ნაძალადევში იყრის; 
  • ისანში კი ოპოზიციის წევრებმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე წარადგინეს.
ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი