
"ოცნების" ლაქიების სამიზნე სტიქიას გადარჩენილები და დაღუპულთა ოჯახის წევრები გახდნენ - ნათქვამია "ლელოს" თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაში, რომელსაც ის ხელისუფლების წარმომადგენლების დღევანდელი განცხადებების პასუხად ავრცელებს და წერს, რომ "ქართული ოცნება" ახლა ბინძური პროპაგანდით ცდილობს ადამიანების მოტყუებას იმისთვის, რომ საკუთარი სკამები შეინარჩუნონ.
ხაზარაძე შოვის ტრაგედიის გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობს და მხარდაჭერას უცხადებს დაზარალებულ ადამიანებსა და სტიქიის ზონაში მომუშავე მაშველებს:
"ოცნების" ლაქიების მორიგი ცილისმწამებლური პროპაგანდა ყველა ზღვარს გასცდა - ქვეყნის რუსული მენტალობის მთავრობა რეალობის დამახინჯებას ცდილობს.
მათი სამიზნე სტიქიას გადარჩენილები და დაღუპულთა ოჯახის წევრები გახდნენ. ეს ბინძური პროპაგანდა, ადამიანების ტყუილით კვება, მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი სკამები შეინარჩუნონ, ამორალური და დანაშაულებრივია.
შოვის ტრაგედიის სასწრაფო გამოძიება უნდა მოხდეს და დაისაჯოს ყველა უპასუხისმგებლო ჩინოვნიკი. ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ პასუხისმგებლობისგან გაქცევის საშუალება.
მინდა, ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველა გადარჩენილს, მადლობა გადავუხადო ყველა მაშველს და მოხალისეს საკუთარი სიცოცხლის ფასად ადამიანების გადარჩენისთვის და კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოვუცხადო ყველა ჭირისუფალს. რუსული ტიპის პროპაგანდა ამ ქვეყანაში ვერ გაიმარჯვებს და ვერ მოგვერევა!" წერს ხაზარაძე.
შეგახსენებთ, "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე სპეკულაცია და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ინფორმაციას, რომ ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა.
სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძის პოსტზე, სადაც მას აღწერილი ჰქონდა დისშვილთან ერთად რა გზის გავლა მოუწია, კობახიძემ თქვა, რომ "გადასამოწმებელია ეს ყველაფერი". მისთვის გაუგებარია რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა.