"ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში" - ამ ერთი ფრაზით დღეს პროკურატურამ გასაიდუმლოებული საქმის მნიშვნელოვანი ნაწილი გათქვა. გური ამირხანაშვილმა, უკვე მეხუთედ, საკუთარი მონათხრობი შეცვალა და ახლა თქვა, რომ ნახალოვკელებმა მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს. სწორედ "ოქროს მოწმის" ეს ახალი ჩვენებაა მთავარი მტკიცებულება, რომლითაც სახელმწიფო ბრალდებამ "ტოიოტა ქამრიში" მყოფ ხუთ პირს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმა.
პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ახალ გარემოებებზე ჯერ მხოლოდ ზოგადი ფრაზებით საუბრობს, საქმის მასალების გამჟღავნებას კი ადვოკატებსაც უკრძალავს. "მთავარმა არხმა" დღეს ის სატელეფონო საუბარი მოიპოვა, როდესაც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატს ესაუბრება. გამომძიებელი გენადი იაშარაშვილი უფლებადამცველს რამდენჯერმე უმეორებს, რომ თუკი მასალის გაუთქმელობის ხელწერილს არ გააფორმებს, საქმეს ჩამოაშორებენ. ეს აუდიოჩანაწერი პირდაპირი მტკიცებულებაა, როგორ ცდილობს სახელმწიფო ბრალდება საქმის მნიშვნელოვანი დეტალები საზოგადოებისთვის უცნობი დარჩეს.
აუდიოჩანაწერი კანონიერი გზითაა მოპოვებული. ადვოკატები ღიად აცხადებენ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წამომადგენლებს წინასწარ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ დაცვის მხარის სამ ადვოკატს საქმის წარმოებას ჩამოაშორებდნენ.
ამ სატელეფონო ზარიდან მალევე, ბრალდებულთა სამ ადვოკატს გზავნილი მიუვიდა. გაირკვა, რომ პროკურატურამ მათთან ერთად დაკავებულების ნების საწინააღმდეგოდ, საქმეში სახაზინო ადვოკატი ჩართო და საქმის ახალი მასალებიც გადასცა. დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდების მხარემ გაუთქმელობის გადაწყვეტილება მათი უფლებების შეზღუდვის მიზნით მიიღო, რაც სამართლიანობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
პროკურატურის ეს გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის ოჯახისთვის. ზ.ხ-ს მამა ამბობს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არის რომელიც გიორგი შაქარაშვილის ცემასა და შემდეგ მკვლელობასთან მისი შვილის შემხებლობას დაამტკიცებს, სწორედ ამიტომ მოითხოვს, რომ ზ.ხ-ც და საქმის "ოქროს მოწმე" გური ამირხანაშვილიც სიცრუის დეტექტორით დაიკითხონ. ბრალდებულის მამა მოწმის ხუთი ერთმანეთისგან განსხვავებული ჩვენების შემდეგ, მონათხრობს აღარ ენდობა.
ბრალდებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. პირველი სხდომა, სადაც მხარეებს უკვე საქმის მასალებზე მსჯელობა მოუწევთ, 27 აგვისტოს ჩაინიშნა. სახელმწიფო ბრალდებას მოსამართლის წინაშე მოუწევს ყველა იმ მტკიცებულებებზე საუბარი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებას, "ტოიოტა ქამრის" ხუთივე პირის დაუმტკიცებს.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.