შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს ტელეკამერების წინ გაბრაზებას ვერ მალავდა და ისევ მედიას აბრალებდა, თითქოს მისი განცხადება საზოგადოებამდე არასწორად მიიტანეს. ვახტანგ გომელაური დღესაც ამბობს, რომ სამაშველო "მი -8" ტიპის ვერტმფრენებს ღამით ფრენაც შეუძლიათ, თუმცა 3 აგვისტოს ღამით, სამძებრო ოპერაციაში მათ გამოყენებას არანაირი აზრი არ ჰქონდა; რადგან სტიქიის ადგილზე გადასარჩენი არავინ იყო. თავის გამართლების მიზნით შინაგან საქმეთა მინისტრი ამტკიცებდა, რომ ვერტმფრენების ნაცვლად დრონებს გულისხმობდა.
ვერსია, რომ ვახტანგ გომელაურმა ღამის დრონები იგულისხმა, პარტიის თავმჯდომარემ დღეს შემოიტანა. ვახტანგ გომელაურისა და სამთავრობო პროპაგანდის გამართლებისთვის დღეს ირაკლი კობახიძე შეეცადა აეხსნა - რა თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს იმასაც, რომ 3 აგვისტოს ღამით სამძებრო ოპერაციის შეჩერება გამართლებული იყო, რადგან მეწყერში მოყოლილი მოქალაქეებიდან სტიქიას ვერცერთი მათგანი ვერ გადაურჩებოდა.
ამ განმარტებების გაკეთება "ოცნებას" ვახტანგ გომელაურის სკანდალური განცხადების შემდეგ დასჭირდა. რაჭაში ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინ ოცნების პროპაგანდა სტიქიისა და მისი მართვის შესახებ თავდაყირა დააყენა. გომელაურმა თქვა, რომ ღამის ხედვის ვერტმფრენები ქვეყანას ჰყავს, თუმცა სტიქიური უბედურების ღამეს მათი გამოყენების საჭიროება და სამძებრო სამუშაოებში ჩართვის აუცილებლობა არ არსებობდა.
სამხედრო მიმომხილველი ლევან ყურაშვილი ამბობს რომ შინაგან საქმეთა მინისტრი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას ატყუებს როდესაც ამბობს, რომ ქვეყანას ღამის ხედვის ვერტმფრენები ჰყავს. მი-8 ტიპის ვერტმფრენები სამაშველო ოპერაციებისთვის ღამით ფრენაზე გათვლილი არ არის. გზავნილი რომ პილოტს ვთხოვდით და თუ საჭირო იქნებოდა აფრინდებოდა, ლევან ყურაშვილის თქმით პილოტის მკვლელობის ტოლფასია; და ეს ხელისუფლების უშედეგო მცდელობაა პასუხისმგებლობიდან თავი გამოიძვრინოს.
ხელისუფლება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს. მმართველი პარტიის ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით პროპაგანდისტულად იმეორებენ გზავნილს რომ მეტის გაკეთება იქ შეუძლებელი იყო და ვისაც მეწყერმა გადაუარა ის ცოცხალი ვერ გადარჩებოდა.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ოცნებას ჭირისუფლის ეშინია და ამიტომ თავის გამოძვრენას ყველანაირი ხერხით ცდილობს. თუმცა თუ საზოგადოების აქტიურობა იქნება, მაშინ ბიძინა ივანიშვილს არჩევანი გაკეთება მოუწევს - გაუშვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თუ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
ოპოზიციას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა უკვე დაყენებული აქვს. მმართველი პარტია კომისიის შექმნას არ თანხმდება, ტრადიციული მოტივით, რომ როცა საქმეზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს, პარლამენტში კომისიის შექმნა პოლიტიკური სპეკულაციაა.
მმართველ პარტიას სექტემბერში, საშემოდგომო სესიის დაწყების შემდეგ, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილების მიღება მაინც მოუწევს. ოპოზიციაში ამბობენ რომ თუ ბიძინა ივანიშვილის გუნდი ამაზე უარს იტყვის, ეს იქნება აღიარება რომ შოვის ტრაგედიის დღეებში ხელისუფლების რეაგირება და კრიზისის მართვა არასწორი იყო.