
"ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი ირაკლი კობახიძეს იცავს და ამტკიცებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და ოპოზიცია შოვის ტრაგედიით "სარგებლობს" და "ტყუილებს ავრცელებს."
მაჭარაშვილის თქმით, კობახიძე შოვში პირველივე დღეებიდან იმყოფებოდა და "მისი სახე მთელმა საზოგადოებამ ნახა".
"როდესაც შენ თვითონ აკეთებ იმას, რომ, აი, ამ ტრაგედიით სარგებლობ და აი, 2-3 დღის წინ ვთქვი, რომ ვართ ჭირისუფლები და ამ დროს არასამთავრობო სექტორი ზოგიერთი და ზოგიერთი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი ამით სარგებლობს და ტყუილებს ავრცელებს, პირდაპირ დეზინფორმაციის ცეცხლს უხსნის საზოგადოებას, ორი დღის თავზე ედავება მერე ირაკლი კობახიძეს რომ გადარჩენილებს რატომ ებრძვისო.
ეს არის სპეკულაციის შემადგენელი ნაწილი. ირაკლი კობახიძე პირველივე დღეებიდან იქ იყო და მისი სახე ნახა ყველამ, მთელმა საზოგადოებამ. ტყუილების და დეზინფორმაციების ცეცხლი რომ გაიხსნა, ბოდიში მოიხადა ვინმემ ამაზე? გუბდებოდა თურმე წყალი და არ შეატყობინეს არავის და ა.შ. იმ ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა," - განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ გუშინ, 14 აგვისტოს, სპეკულაცია და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ინფორმაციას, რომ ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა. სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძის პოსტზე კი, სადაც მას აღწერილი ჰქონდა დისშვილთან ერთად რა გზის გავლა მოუწია, კობახიძემ თქვა, რომ "გადასამოწმებელია ეს ყველაფერი". მისთვის გაუგებარია რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა.