"მთავარი არხის" საქმეზე პროკურატურა ძიებას იწყებს. დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში საქპატენტის სკანდალის გახმაურების შემდეგ საგამოძიებო უწყებამ დაკითხვაზე ირაკლი კასრაძე დაიბარა - უწყების თანამშრომელი, რომელსაც მისი უფროსი ავალებდა ხელოვნური პრობლემები შეექმნა "მთავარი არხის" სავაჭრო ნიშნის დარეგისტრირების პროცესში. კასრაძე ამ დრომდე საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე იმყოფება.
პროკურატურის გარდა ჩვენი სიუჟეტის შემდეგ ამოქმედდა თავად საქპატენტიც. უწყება "მთავარს" გამოეხმაურა და გვიპასუხა, რომ კასრაძეს სწორედ, მისივე მხრიდან პოლიტიკური მიზნებისთვის მოქმედების საფრთხის გამო შეუზღუდეს უფლებამოსილება. უწყების უფროსის ქმედებებზე განცხადებაში არაფერია ნათქვამი, თუმცა ზეწოლის დამადასტურებელი მტკიცებულებები თავად დაკითხვაზე მყოფმა ირაკლი კასრაძემ გამოძიებას უკვე მიაწოდა.
ირაკლი კასრაძის შევიწროება მაშინ დაიწყო, როდესაც მისმა ხელმძღვანელმა მოითხოვა პოლიტიკურად სენსიტიური განცხადებები და ამის შემდეგ მას სთხოვდა, რომ "მთავარი არხის" სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებით პროცედურა გაეწელა და ხელოვნური პრობლემები შეექმნა. ამ ყველაფრის დამდასტურებელი მტკიცებულება ირაკლი კასრაძეს პროკურატურაში უკვე წარდგენილი აქვს და ეს არის: მიმოწერები, როგორც Whatsapp ქსელში, ასევე Mail-ის და დართულია იმ განცხადებაზე, რომელითაც მან პროკურატურას 2020 წლის 30 ივლისს მიმართა. თუმცა კასრაძის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებამ მაშინ გადაწყვიტა, როდესაც გუშინ, 12 აგვისტოს "მთავარ არხზე" ამ თემაზე რეპორტაჟი გავიდა და დღეს, ირაკლი კასრაძეს მთავარი პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და სთხოვეს მისვლა.
კასრაძე, სავარაუდოდ, მოთხოვნას პროკურატურაშიც დააყენებს, რომ უფლებამოსილება შეუჩერდეს საქპატენტის თავმჯდომარესაც, მინდია დავითაძეს.
"მთავარი არხის" მოთხოვნა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე დაკმაყოფილებულია. გასულ კვირას არხის იურისტებმა ამის შესახებ შეტყობინება მიიღეს. თუმცა, ამასაც ჰქონდა თავისი წინაპირობები, გარდა იმისა რომ ირაკლი კასრაძე ამ დროს მთავარ პროკურატურაში განცხადება შეტანილი ჰქონდა. თავად
საქპატენტმა კი არხს განცხადებით უპასუხა და ეს გარემოებაც განმარტა, რომ "მთავარის" მოთხოვნა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უკვე დაკმაყოფილებული იყო. თუმცა ეს რა პერიოდში მოხდა არ განუმარტავთ. ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც საქპატენტის განცხადებაშია ის, რომ ახლა ცდილობენ პასუხისმგელობა ირაკლი კასრაძეს დაკისრონ.
ცნობისთვის, მინდია დავითაძე საქპატენტის ხელმძღვანელად 2020 წლის თებერვალში დაინიშნა. მისი დანიშვნის ბრძანებას კი ხელი მოაწერა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მინდია დავითაძის მეუღლე მთავარი პროკურატურის თანამშრომელია.