რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის ახალ შტამთან, EG.5-თან საბრძოლველად - სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და დაიცვან წესები.
სპეციალისტების ინფორმაციით, ახალი ვირუსი ომიკრონის ერთ-ერთი ქვეშტამია და იგივე სიმპტომები ხველა, ყელის, თავის და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე ახასიათებს. მათი თქმით, ვირუსი საშიშია რისკ ჯგუფისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.
''სამწუხაროდ, ეს ვირუსი კვლავ განაგრძობს მუტაციას. ახალი ვარიანტები წარმოიქმნება და ერთ-ერთი EG.5 ვარიანტი ესეც ომიკრონის ქვევარიანტია. ჩვენი ლაბორატორიიის მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელი (იგულისხმება ვინც ჩაიტარა ტესტი იმათ შორის) 50 % მეტია'', - აღნიშნა ინფექციონისტმა.
ასევე, მათივე თქმით, სწრაფი ტესტი ახალ შტამს ვერ ავლენს და ისინი მოსახლეობას სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, PCR ტესტის გაკეთებას ურჩევენ. რაც შეეხება ვაქცინებს, მსოფლიოში ახალი შტამის საწინააღმდეგოდ უკვე არსებობს ვაქცინა, რომლითაც უნდა მოხდეს ახალი შტამის წინააღმდეგ ბრძოლა.
''ჩვენ უნდა ფეხი ავუწყოთ და ისეთი ვაქცინები შემოვიტანოთ, რომელიც აქტუალურია მოცემული მომენტისთვის, სამწუხაროდ ასეთი დაგვიანება მუდმივად გვაქვს საქართველოში'', - ამბობს ინფექციონისტი.
ასევე, სპეციალისტების განმარტებითვე, ახალი შტამი ომიკრონივით სწრაფად გავრცელებადია. ამბობენ, რომ იმის გამო, რომ ახალი ვირუსი EG.5 უკვე საქართველოშიც დაფიქსირდა, ჩვენი ქვეყანა ისევე როგორც მთელი მსოფლიო კოვიდის ახალი ტალღისთვის უნდა მოემზადოს და ეს საფრთხე რალურია.