ლიეტუვის ხელისუფლება ბელარუსთან 6 სასაზღვრო პუნქტიდან ორს ხურავს. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ''გეოპოლიტიკური გარემოებებით'' ახსნა, რაც შეიძლება, მედიის ვარაუდით, ვაგნერის დაჯგუფების ბელარუსში ყოფნას და საფრთხის გაზრდას უკავშირდებოდეს. ლიეტუველი მესაზღვრეები მუშაობას 18 აგვისტოს შეწყვეტენ.
შს მინისტრის თქმით, ქვეყანა ბელარუსთან საზღვრის დაცვის სხვა ვარიანტებსაც განიხილავს. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯი, საჭიროების შემთხვევაში, ლატვიამ და პოლონეთმაც უნდა გადადგან.
ბელარუსის სასაზღვრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ანტონ ბიჩკოვსკიმ საზღვრის დაკეტვას ''კიდევ ერთი არამეგობრული ნაბიჯი'' უწოდა და ლიეტუვის მთავრობა დაადანაშაულა ''მიზანმიმართულად შექმნას ხელოვნური ბარიერები საზღვარზე პოლიტიკური ამბიციების გულისთვის''.
მეზობლის მსგავსად, ლატვიაც, ბელარუსთან სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს. სასაზღვრო სამსახურმა გაძლიერებულ რეჟიმზე გადასვლის განცხადება უკვე გაავრცელა. მათი თქმით, გაზრდილია საზღვრის კვეთის უკანონო მცდელობები და ბელარუსის რეჟიმი სიტუაციის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა. რაც შეეხება პოლონეთს, საზღვრის გასაძლიერებლად თავდაცვით სტრუქტურებს აშენებს და სამხედრო მზადყოფნის რეჟიმზე გადადის, ასევე მესაზღვრების რიცხვს 10 ათასამდე გაზრდის.
შეგახსენებთ, 24 ივნისს, ვაგნერის დაჯგუფებამ პროგოჟინის მეთაურობით რუსეთში სამხედრო ამბოხი მოაწყო.
მან სამხედროებთან ერთად რამდენიმე სტრატებიული ობიექტიც დაიკავა და მოსკოვის მისადგომებთან მივიდა. თუმცა, ვითარების დასარეგულირებლად მოლაპარაკებები გაიმართა, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მონაწილეობით. რის შედეგადაც, რუსეთის ხელისუფლებამ პირობა, დადო რომ არ დასჯიდა დაჯგუფების წევრებს და არც მათ მეთაურს. პროგოჟინმა უსაფრთხოების გარანტიები მიიღო და უკან დაიხია.