აბიტურიენტის საქმე შესაძლოა სტრასბურგში წავიდეს - გამოცდების ეროვნული ცენტრი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ამ დრომდე უარს ამბობს და სანდრო ბაჩიაშვილს ისტორიის გამოცდას არ უნიშნავს. "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შეფასებით, აღნიშნული კანონდარღვევაა. დავა სასამართლოში მას შემდეგ დაიწყო, რაც აბიტურიენტმა გამოცდაზე მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლო.
მოსამართლემ ბაჩიაშვილის მტკიცებულებები გაითვალისწინა და საგამოცდო ცენტრს დაავალა ისტორიის ხელახალი გამოცდა ჩაეტარებინა, თუმცა ცენტრმა უარი თქვა დამატებითი სესიის დანიშვნაზე.
"ეს არის მინისტრის გადაწყვეტილება, ხოლო ჩვენ ვისჯებით სამაგალითოდ. 18 წლის ადამიანი ისჯება სამაგალითოდ იმისთვის, რომ მეტი არავინ არ ამოიღოს ხმა. ამიტომ, პირველ რიგში, ალბათ ყველამ უნდა ჩახედოს თავის შვილს თვალებში და დაფიქრდეს, სადამდე შეძლებს საკუთარი შვილის დაცვას.
8-ში მივმართეთ მინისტრს, რომ მას უბრალოდ რამე ექნა. საათ-ნახევარი გვიყვებოდნენ როგორ ესმით ჩვენი, რომ შვილი ჰყავს ჩემი შვილის ასაკის, მაგრამ არაფერი გამოვა. ჩემი შვილი არის მძიმედ, მას ამდენჯერ მოარტყეს, არც პრეზიდენტი, არც ომბუდსმენი, არაფერი არ აქვს ჩემ შვილს ამ ქვეყანაში, მან გუშინ მითხრა, გამიყვანე აქედან.
სამართალი არის ალბათ, სადღაც, ფორმალური ამბები მაინც უნდა გავიაროთ. მე იმედი მაქვს, რომ სადმე სასამართლოში არ გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც ეტყვიან გაწელე ეს საქმე რაც შეიძლება დიდხანს, რომ არ მივიდეთ სტრასბურგამდე", - ამბობს აბიტურიენტის დედა.
"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ ეტაპზე დავა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა, ორგანიზაციამ კი გამოძიების დაწყების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
იხილეთ ამავე თემაზე: