საქართველოს სახალხო დამცველმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება არ დაეშვა ერთ-ერთი აბიტურიენტი დამატებით გამოცდაზე კანონშეუსაბამოდ მიიჩნია და დღეს რეკომენდაციით მიმართა.
ომბუდსმენი ამბობს, რომ აბიტურიენტისთვის, უმაღლესი განათლების მიღების უფლების უზრუნველსაყოფად, ისტორიის დამატებითი გამოცდა დაუყოვნებლივ უნდა დაინიშნოს.
"განსახილველი საქმის შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ აბიტურიენტის ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაშვების საკითხის განხილვისას სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა“ დაარღვია სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების და „კარგი მმართველობის“ პრინციპი და განმცხადებელს გონივრულ ვადაში არ მიაწოდა ინფორმაცია ისტორიის დამატებითი გამოცდის თარიღის შესახებ.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჯერ კიდევ აქვს დრო უზრუნველყოს აბიტურიენტის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და აღასრულოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისს გამოცემული დროებითი განჩინება. აღნიშნული ქმედების დამაბრკოლებელი ობიექტური ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ არსებობს.
საქართველოს სახალხო დამცველი ადმინისტრაციულ ორგანოს მოუწოდებს, მომავალშიც, უფლების შეზღუდვის ყოველი შემთხვევის განხილვისას, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მოახდინოს იმ პირთა სათანადო ინფორმირება ვის ინტერესებზეც შეიძლება გავლენა იქონიოს მიღებულმა გადაწყვეტილებამ," - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 27 ივლისს სასამართლომ დააკმაყოფილა იმ აბიტურიენტის სარჩელი, რომელიც ეროვნული გამოცდების დამატებით დანიშვნას მოითხოვდა. მისი თქმით, დანიშნულ დღეს ის გამოცდაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ გამოცხადდა.
2 აგვისტოს მოზარდის ანა არგანაშვილმა განაცხადა, რომ NAEC სასამართლო განჩინების აღსრულებაზე უარს ამბობს. აბიტურიენტის დედამ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა NAEC-მა, რომელიც აღნიშნავდა, რომ უწყებამ სასამართლო განჩინება გაასაჩივრა, რადგან "შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია".
ასევე ნახეთ: