მერია ამირეჯიბის გზატკეცილზე, კლდოვან ფერდზე ახალ დამცავ ბადეს დაამონტაჟებს - მოძრაობა ერთ ზოლში შეიზღუდება

გამოქვეყნდა:

თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მძიმე ტექნიკა ჩამოწოლილ მიწის მასას ასუფთავებს. კლდე ადგილზე გუშინ ჩამოიშალა და ქვები გზაზე ჩაიტანა. კლდის ჩამოწმენდის სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილზე მერია ახალ დამცავ ბადეს დაამონტაჟებს. 

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბუთიძემ განაცხადა, რომ ადგილზე ბადე დაახლოებით 13 წლის წინ დაამონტაჟეს, რომელიც დაძველდა და ფუნქციას ვეღარ ასრულებს.

"ეს ბადე დაძველდა და ვეღარ უზრუნველყოფს, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებას, ამიტომ მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება და რამდენიმე დღეა სამუშაოები დაწყებული გვაქვს. პრიორიტეტების მიხედვით ვირჩევთ, რა თქმა უნდა, მთელ ქალაქში, ასე ერთბაშად ჩვენ ასეთ სამუშაოებს ვერ ვატარებთ, იმიტომ, რომ არც იაფი სიამოვნება არ არის. 

რა თქმა უნდა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო უფრო ადრე დაგვეწყო და არ ჩამოვარდნილიყო ეს ქვა, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, თუმცა ის, რომ რატომ აქამდე ეს კონკრეტული ლოკაცია არ დავიწყეთ, ძნელი სათქმელია, სხვაგან ვმუშაობდით. როცა მოგვეცა საშუალება და რესურსი გამოგვიჩნდა, მაშინ მოვედით და ვაკეთებთ", - თქვა აბუთიძემ.

მისივე განცხადებით, სამუშაოების დასრულებას, დაახლოებით, ერთი თვე დასჭირდება, რა დროსაც, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ ერთ სამოძრაო ზოლში, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

"ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული გვაქვს. კლდის ჩამოწმენდის პერიოდში, 05:00-დან 07:00 საათამდე გზა იკეტება, ხოლო უშუალოდ ბადეების მონტაჟს როცა დავიწყებთ, გადაადგილება გზატკეცილზე არსებულ ერთ სამოძრაო ზოლში სრულად შეიზღუდება, რათა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთი პატარა კენჭი ჩამოვარდა, მისგანაც ვიყოთ დაცული", - განაცხადა გიორგი აბუთიძემ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი