რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის კულტურის მინისტრი ლუსი ფრეიზერი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანაბელ გოლდი, ბრიტანელი ჟურნალისტები და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი "შავ სიაში" შეიყვანა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
სიაში ჯამში ბრიტანეთის 54 მოქალაქე მოხვდა. მათ შორის, BBC-ის, Telegraph-ისა და Guardian-ის ჟურნალისტები.
რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, კულტურის მინისტრი საერთაშორისო შეჯიბრებებიდან რუსი სპორტსმენების არდაშვებას "ლობირებს", თავდაცვის მინისტრის მოადგილე უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი, ხოლო პროკურორი კარიმ ხანი "შავ სიაში" ვლადიმირ პუტინის დაკავებაზე ორდერის გაცემის გამო მოხვდა.