
ზუსტად 28 წლის წინ, 14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა
ომმა სხვადასხვა მონაცემით 10 -დან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა დაახლოებით 300 ათასი ადამიანი.
შეიარაღებული კონფლიქტი მას შმდეგ დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფო საბჭომ გახშირებული ყაჩაღობისგან რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით შინაგანი ჯარის დამატებითი ძალები გაგზავნა.
შეთანხმების მიუხედავად, სეპარატისტებმა შინაგანი ჯარის დანაყოფს ოჩამჩირეში და გულრიფშში ცეცხლი გაუხსნეს.
დღეს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ოჯახებს იმ 13 ადამიანის ნეშტს გადასცემენ, რომლებიც აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულად იყვნენ მიჩნეულები.
ნეშტები 2017 - 2018 წლებში სოხუმში, გულრიფშში, ოჩამჩირესა და მცხეთის რაიონში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს მოიძიეს.