ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში წარმატებას ვერ მიაღწევს და რომ მას მსოფლიოში ისეთივე წონა არ აქვს, როგორც ჩინეთს.
როგორც ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ესპანურ გაზეთთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი, რომელმაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა გადაწყვიტა, "თითქმის ყველაფერში შეცდა."
"პუტინი აპირებს მსხვერპლად გაიღოს თავისი ხალხი და არმია. პირადი და პოლიტიკური გადარჩენისთვის და ამიტომ არის ასე რთული სამშვიდობო მოლაპარაკება", - განაცხადა მან გამოცემა El Pais-თან.
ამასთან, ბორელმა დადებითად შეაფასა საუდის არაბეთში უკრაინული "მშვიდობის ფორმულის" შესახებ ბოლო მოლაპარაკებები და ყურადღება გაამახვილა მასში ჩინეთის მონაწილეობაზე.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი პირდაპირ არასოდეს იტყვის, რომ ამცირებს რუსეთის მხარდაჭერას ან ხელს უწყობს მის აშკარა დამარცხებას, პეკინი საერთოდ არ არის კმაყოფილი არსებული სიტუაციით. ყოველ შემთხვევაში - ბირთვული იარაღის ხსენებით", - თქვა ბორელმა.
ჩინეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკასა და მის გამოწვევებზე საუბრისას კი მან განაცხადა, რომ პეკინისა და მოსკოვის შედარება შეუძლებელია.
"უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი არ არის რუსეთი. ჩინეთი არის ნამდვილი გეოპოლიტიკური აქტორი, ხოლო რუსეთი არის ეკონომიკური ჯუჯა, ისევე როგორც ბენზინგასამართი სადგური, რომლის მფლობელს აქვს ატომური ბომბი", - განაცხადა ბორელმა და ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის, ცნობილი გამონათქვამი გაიმეორა.