
ჰავაიზე, კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრები გრძელდება. უცხოური მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, რომელიც ამ დროისთვისაც უკვე ყველაზე მაღალია აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში, შეიძლება კიდევ გაიზარდოს.
მედია წერს, რომ გასულ კვირას მაუიზე ქარის გამო ხანძარი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი იყო. ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა, რაც ამ დროის ოფიციალური მონაცემებით 114-ია, მომდევნო დღეებსა და კვირებში გაიზრდება.
ოფიციალური პირების ცნობით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ამ დროისთვის, 1 000 ადამიანი ითვლება.
"ეს უპრეცედენტოა... არავის უნახავს ის, რაც დღეს ხდება. არც ამ მასშტაბის, არც ამ რიცხვის - ჩვენ არ გავჩერდებით", - თქვა მაუის პოლიციის უფროსმა ჯონ პელეტიერმა პრესკონფერენციაზე.
მედიის ცნობით, დამწვარია ისტორიული ზღვისპირა ქალაქის, ლაჰაინას 78%, სადაც დაახლოებით 12 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
ამ დროისთვის ტერიტორიაზე მუშაობას მეხანძრე-მაშველები ისევ განაგრძობენ.
შეგახსენებთ, რომ კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა.