კალიფორნიაში, ბოლო 84 წლის განმავლობაში პირველად, ტროპიკული შტორმია. უცხოური მედიის ცნობით, ტროპიკულმა ქარიშხალმა "ჰილარიმ" მანამდე მექსიკასაც გადაუარა, სადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა.
ცნობილია, რომ შტორმმა არაერთი წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. დაიტბორა დასახლებების ნაწილი, ავტომობილები, დაზიანდა და წაიქცა ელექტროგადამცები ბოძები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი, დაახლოებით 6000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ასევე, წაქცეულია ხეებიც.
ლოს-ანჯელესის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ "ჰილარის" შედეგად არავინ გარდაცვლილა და ქალაქს არც მნიშვნელოვანი დაზიანებები მიუღია. ქალაქში ამ დროისთვის ამინდის შესახებ ყველა გაფრთხილება გაუქმებულია.