ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი იქცა ნეპოტიზმის და კორუფციის სიმბოლოდ - ამბობს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე.
გიგა შუშანიას თქმით, ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი წლის მანძილზე ბიუჯეტიდან არამიზნობრივად 700 ათას ლარს ხარჯავს
შუშანია ამბობს, რომ ცენტრმა მარტიდან დღემდე, 130 ათასი ლარი საკარანტინო ზონებიდან მოქალაქეების სახლამდე გადაყვანაში დახარჯა.
მისივე თქმით, გაუგებარია რატომ დასჭირდა ტურიზმის ცენტრს ამ ხარჯის გაწევა მაშინ, როდესაც ცენტრალური მთავრობა ათეულობით მილიონ ლარს საკარანტინო ზონების მომსახურეობაზე ხარჯავს.
დღევანდელ ბრიფინგზე გიგა შუშანიამ ასევე განაცხადა, რომ ახალი ლოგოსა და მაისურების დამზადებაში 6700 ლარი, ხოლო ტუალეტების დიზაინში 1300 ლარი დაიხარჯა.
ტურიზმის ცენტრში კი ამბობენ, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან პანდემიასთან ბრძოლაში მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს და თანხაც მიზნობრივად დახარჯეს.
რაც შეეხება საპირფარეშოებს, ტურიზმის ცენტრის ინფორმაციით, გაუმჯობესდა სერვისები და ის გათვლილია შშმ პირებზეც. რაც შეეხება ლოგოს შეცვლას, მათი მტკიცებით ლოგოს შეცვლა ახალმა რებრენდინგმა განაპირობა.