შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პარტია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა. სამუშაო ჯგუფი სტიქიის დღეს შეიქმნა და მასში პარტიის წევრები და სპეციალისტებიც შედიოდნენ, რომლებიც სტიქიის ადგილას უშუალოდ იმყოფებოდნენ. სამუშაო ჯგუფმა 3-14 აგვისტოს ჩათვლით სოციალურ სივრცეში, მედიასა და სხვა ღია წყაროებში მიღებული ინფორმაცია შეისწავლეს.
როგორც ენმ-ში ამბობენ, ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა ტრაგედიის პირველივე წუთებში რეაგირება დააგვიანეს. პარტიაში კონკრეტული თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერმინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიის გარემოების შესასწავლად, საჭიროა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა.
"არის სამი ძირითადი მიგნება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან დანაშაულებრივ გულგრილობას და უმოქმედობას მოყვა ის რომ რეაგირება იყო დაგვიანებული და არაეფექტიანი. სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემა
ჩავარდა და ამაზე პასუხისმგებელია პრემიერი ღარიბაშვილი, რომელიც შემთხვევის ადგილზე ჩავიდა 4 აგვისტოს. კრიტიკული მნიშვნელობის საათებში სამწუხაროდ ხელისუფლებამ მოქალაქეები დატოვა სტიქიის პირისპირ და ცხადია ამას ჭირდება სამართლებრივი შეფასება და ამას ჭირდება, რა თქმა უნდა, მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან საგამოძიებო მექანიზმის ამუშავება, რომ ყველა ფაქტი და მტკიცებულება ბოლომდე იყოს გამოკვლეული და ჩვენ ასეთი მექანიზმის გვაქვს საქართველოს
პარლამენტში, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას სწორედ ის ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იქნას ბოლომდე გამოკვლეული. ყველა პასუხისმგებელი პირი, რომელიც არის პასუხისმგებელი მათ შორის იმაზე, რომ სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემა ჩავარდა, მოვიდეს პარლამენტში და გასცეს კონკრეტულ შეკითხვებს პასუხი. ამასთანავე ჩვენ 47 შეკითხვით მივმართეთ საჯარო დაწესებულებებს და ამასაც გაგაცნობთ, ველოდებით ხელისუფლებისგან კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხს და ეს პასუხები იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის იმისთვის, რომ მთელი მოვლენები აღვადგინოთ, თუ რა მოხდა სტიქიის დღეს", - თქვა ლაშა ფარულავამ.
დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმაც:
"სამი აგვისტოს ტრაგედიის პასუხად ქართველ ხალხს შერჩა მხოლოდ რუსული პროპაგანდა და პოლიტიკური გადაძახილები. ჩვენი ხალხი, ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ პასუხს ხელისუფლების მხრიდან შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით. ამ შუალედური დასკვნითაც კი, სადაც ძალიან ბევრი ინფორმაციაა, ბევრი მტკიცებულებაა, იკვეთება კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა, რასაც შეეწირნენ საქართველოს მოქალაქეები. იკვეთება კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ეს ყველაფერი ცხადია, იწყება ირაკლი ღარიბაშვილისგან", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ" საბოლოო დასკვნა, რომელიც უფრო დეტალური იქნება, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.