
გუშინ, 21 ივნისს ათენში არაფორმალური სამიტის ფარგლებში ევროკავშირის გაფართოების გეგმა განიხილებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ, ევროკომისიისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტები. სამიტზე მიწვეული იყვნენ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნის ლიდერები.
აღსანიშნავია, რომ სამიტზე წარმოდგენილი არ იყო საქართველო. უცნობია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებუ არ მიიწვიეს, თუ თავად არ ჩავიდნენ ათენში - მმართველ გუნდში განმარტებები ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
ერთადერთი ვინც დღეს ათენში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა, "ქართული ოცნების" დეპუტატი, გივი მიქანაძე იყო. მისი მტკიცებით, სამიტზე ევროკავშირის გაფართოების თემა ბალკანეთის ქვეყნების კუთხით განიხილებოდა, უკრაინა და მოლდოვა კი "განსაკუთრებული საკითხია".
"ეს იყო ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული ფორუმი, რომ ბალკანეთის ქვეყნების მიმართებაში ევროკავშირთან გაფართოების კუთხით. აქ არ ყოფილა აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით, თუმცა როგორც იცით, უკრაინა არის განსაკუთრებული თემა და მოლდოვა უკრაინასთან ერთად, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდია ლტოლვილთა ნაკადი მოლდოვის რესპუბლიკაში. ეს ფაქტორი პირდაპირ არ უკავშირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს არის ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული სამიტი", - თქვა გივი მიქანაძემ.
ათენში გამართული სამიტის შემდეგ Twitter-ზე განცხადება გააკეთა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა. მიშელის თქმით, ევროკავშირის მთავარ პრიორიტეტად კვლავ გაფართოება რჩება. აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ განცხადებაში ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად შარლ მიშელმა ახსენა, უკრაინა და მოლდოვა, საქართველოს კი - არა.
"დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვას აქვთ საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი.
გაფართოება რჩება ევროკავშირის უმთავრეს პრიორიტეტად - ძლიერი ინსტრუმენტი ჩვენს კონტინენტზე მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად.
ჩვენ უნდა ვიპოვოთ წინსვლის გზა, რომ ევროპის ეს ხედვა რეალობად იქცეს", - დაწერა მიშელმა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი