''ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრიგოჟინის სიკვდილით დასჯა პუტინის ბრძანების გარეშე მოხდა'' - ასე აფასებს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტს და ახალ ანგარიშს ავრცელებს.
ამერიკელი ანალიტიკოსები ფიქორბენ, რომ პრიგოჟინის ლიკვიდაციის ბრძანება "დიდი ალბათობით" რუსეთის პრეზიდენტმა გასცა, რადგან რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი ასეთ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ მიიღებდნენ.
''პუტინმა შესაძლოა გადაწყვიტა, რომ პრიგოჟინმა დაარღვია საკმარისი ასპექტები, ან ყველა წინასწარ დადებული გარიგება", - ნათქვამია ანგარიშში.
ექსპერტების აზრით, პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდება, პუტინის საჯარო მცდელობაა აღადგინოს მისი დომინირება. ასევე, ეს ბრძანება გამიზნული შურისძიებაა 24 ივნისს (რუსეთში სამხედრო არეულობის დღეს) პუტინისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჯარო დამცირებისთვის.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და კრემლი აჯანყების წუთიდან ანადგურებდნენ ვაგნერს და პრიგოჟინის ძალაუფლებას ასუსტებდნენ, ხოლო ვაგნერის მეთაურის მკვლელობა იყო ვაგნერის როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის ლიკვიდაციის ბოლო ნაბიჯი. ექსპერტების აზრით, პრიგოჟინი, სავარაუდოდ, ცდილობდა ვაგნერის განადგურების ოპერაციისთვის წინააღმდეგობა გაეწია.
სპეციალისტების თქმით, პრიგოჟინის და უტკინის მკვლელობა დიდ გავლენას იქონიებს ვაგნერზე, როგორც ბრენდზე. გარდა ამისა, მეთაურებს და მებრძოლებს ლიკვიდაციის შიში ექნებათ და დემორალიზებულები იქნებიან