შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებთან დაკავშირებით წელს სამართალდამცველებს მეოთხედ ჩაბარდა. ამჯერად საქმე ეხება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ცვლილების მცდელობას.
ტრამპმა ფულტონის ოლქის ციხეში დაახლოებით 20 წუთი გაატარა. ტრამპმა გაიარა პროცესი, რომელსაც ჩაბარების დროს ნებისმიერი სხვა ადამიანი გაივლიდა - ჩააბარა თითის ანაბეჭდები და გადაუღეს ფოტო.
ტრამპის მიერ ციხის დატოვების შემდეგ ფულტონის ოლქის ხელისუფლებამ პატიმრის ფოტო გამოაქვეყნა. მისი საპატიმრო ნომერია P01135809.
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროდან 200 000 დოლარის ღირებულების გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გარდა ამისა ტრამპს ეკრძალება კომუნიკაცია მოწმეებთან და შესაძლო თანამზრახველებთან, რომელთა წინააღმდეგ საქმე ასევე მიმდინარეობს. ტრამპს მათთან კომუნიკაცია მხოლოდ ადვოკატების მეშვეობით შეუძლია.
საპატიმროს დატოვების შემდეგ ტრამპა კომენტარი გააკეთა და მის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს უსამართლობა უწოდა.
"ვფიქრობ, ეს ძალიან სამწუხარო დღეა ამერიკისთვის და ეს არ უნდა ხდებოდეს, თუ არჩევნები გაყალბებულია, ამის ხმამაღლა თქმის უფლება ყველას უნდა ჰქონდეს და მე ვთვლი, რომ არჩევნები სწორედაც გაყალბდა. რაც ახლა ხდება ეს უსამართლობაა - მე არაფერი დამიშავებია, დანაშაული არ ჩამიდენია და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს მიჭერს", - თქვა დონალდ ტრამპმა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი