ვანო ნადირაძის ცნობით, თავდაცვის სამინისტრო ქართველი სამხედროებისთვის საპროტოკოლო მომსახურების შეწყვეტას აპირებს

გამოქვეყნდა:

წყვეტს თუ არა თავდაცვის სამინისტრო ქართველი სამხედროებისთვის საპროტოკოლო მომსახურებას? - უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო, ვანო ნადირაძე, სხვა პირებზე დაყრდნობით Facebook-ზე წერს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის შემთხვევაში, მათთვის პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებას აღარ აპირებს.

"ხმა მოვიდა სერიოზული ადამიანებისგან რომ, დღევანდელი თავდაცვის სამინისტრო აღარ აპირებს ჩვენი ბიჭების დაღუპვის შემთხვევაში პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

ეხლა კარგად მომისმინეთ, ჯვარი წერია აქ ჩემ ძმებს ყველა ცოცხალი უნდა ჩავიდეს საქართველოში, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას დაღუპულ ბიჭებს სათანადო პროტოკოლით არ დახვდეს თავდაცვის სამინისტრო როგორც საჭიროა, პირობას გაძლევთ მთლიანად საელჩოს გადაგიღებავთ წითელ ფერში, ეს ყველაზე რბილად რაც მოხდება.....

ეხლა მივმართავ კობა კობალაძეს პირდად, მთლიანად პასუხისმგებლობას დაგაკისრებ შენ და დრო დადგება პასუხს აგებ ძალიან სერიოზულად თუ ეს გადაწყვეტილება მიიღება, არ გეგონოს აქ უკრაინაში რომ ვიღაცას ეჭორავები იმან გიშველოს, მიხვდი ალბათ ვისაც და რასაც ვგულისხმობ კობა!!!! დრონი მეფობენ და არა მეფენი," - დაწერა ნადირაძემ.

მოგვიანებით ვანო ნადირაძემ "მთავარ არხთან" საუბრისასაც თქვა: "ერთ-ერთ შეხვედრაზე, თბილისში, სადაც ჩვენს დაღუპულ ბიჭებს პატივი მიაგეს, იყო ერთი ხელისუფლების წარმომადგენელი, გვარს და სახელს ამწუთას არ დავასახელებ და განუცხადა უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშეს, რომ მომავალში თავდაცვის სამინისტრო აპირებს, საპროტოკოლო სამსახურის შეწყვეტას ჩვენი ბიჭების მიმართ. ჯერ ჯვარი წერია ჩვენ ბიჭებს, ღმერთმა ყველა ჯანმრთელი და უვნებელი დააბრუნოს საქართველოში მაგრამ, ღმერთმა ნუ ქნას, ეს მოხდეს. ყველანაირ წინაღობას ქმნიან"...

თუმცა, თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა.

ცნობისთვის, არაოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში ომი დაწყების შემდეგ, რუსულ აგრესიას 48 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი