უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ოდესაში რუსული სამხედრო დაჯგუფების მეთაური დააკავა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა [SBU[ ოდესაში ლუგანსკის ბოევიკების ბატალიონის ყოფილი ასმეთაური დააკავა. უწყების ინფორმაციით, ის კრემლის რეჟიმის მხარდამჭერია და 2014 წლის მაისში, ოდესაში მასობრივი არეულობის დროს აქტიურად მონაწილეობდა პროვოკაციებში, რუსეთის სასარგებლოდ. 

მოგვიანებით კი ლუგანსკის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ნაწილში გაიქცა და ბოევიკების რიგებს შეუერთდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ის იქ რუსეთის მიერ კონტროლირებადი დაჯგუფების, "პრიზრაკის" დაზვერვის განყოფილების მეთაურად დაინიშნა. დაჯგუფება მოგვიანებით დაექვემდებარა რუსეთის მე-2 არმიის კორპუსს.

SBU-ს ცნობით, ამის შემდეგ ის აღმოსავლეთში, მათ შორის ბახმუტის გზატკეცილის მიდამოებში, უკრაინის ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა, ფსევდონიმით "სანტა".

უკრაინის პროკურატურა განმარტავს, რომ დაკავებული ბოევიკების რიგებში 2014 წლის ივნისიდან 2016 წლამდე იმყოფებოდა და „დავალებების წარმატებით შესრულებისთვის"  „პრიზრაკის“ ბატალიონის ასეულის მეთაურად დანიშნეს.

ოდესაში, მისი საცხოვრებელი ადგილების ჩხრეკისას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ფოტომასალა აღმოაჩინა, საიდანაც მტკიცდება "სანტას" ყოფნა ლუგანსკის ოკუპირებულ ნაწილში.

დაკავებულს ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსით, ტერორისტული საქმიანობისთვის წარედგინა და სასჯელის სახედ 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება. 

ცნობისთვის, "პრიზრაკის" ბატალიონი უკანონო შეიარაღებული ფორმირებაა, რომელიც 2014 წელს ლუგანსკში შეიქმნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი