აუდიტის სამსახურმა "თბილსერვის ჯგუფის" ორწლიანი მუშაობა შეისწავლა და არაერთი დარღვევა გამოავლინა. კომპანია, რომელიც სანიაღვრე სისტემების მოწყობა- გასუფთავებაზეა პასუხისმგებელი, აუდიტის დასკვნით, წლებია დარღვევებით მუშაობს
საუბარია ისეთ დარღვევებზე როგორიცაა სხვადასხვა პროდუქციასა და მომსახურებაში გადახდილი არარეალურად მაღალი თანხა, გაბერილი შტატები - დასაქმებულების დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვს ფუნქცია თუმცა, ისინი მაინც სოლიდურ ხელფასს იღებენ. ასევე ზეგანაკვეთურ სამუშაოში თანამშრომლებისთვის გადახდილი თანხა არის არარეალურად დიდი.
დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ თანამშრომლები ამდენ საათს ზეგანაკვეთურად ფიზიკურად ვერ იმუშავებდნენ.
ასევე, უწყებას ემსახურებოდა 869 ავტომობილი თუმცა, გასულ წელს მათ 3 ძვირადღირებული მანქანა მაინც იყიდეს თბილსერვისის დირექტორისა და მისი მოადგილეებისთვის.
არარეალური და შეუსაბამოა საწვავის ხარჯიც. ასევე, დაუსაბუთებელია და არარაციონალურად იხარჯება კომპანიის ფულადი სახსრები ავტომობილების მოვლა-პატრონობაში.
კომპანია შეუსრულებელი ვალდებულებებისა და ვადების დარღვევის გამო დაჯარიმდა კიდეც და 163 000 ლარის გადახდა მოუწია. ეს თანხაც რასაკვირველია თბილისის მცხოვრებლების ხარჯი იყო.
თბილსერვისმა ასევე ვერ უზრუნველყო ნაგავსაყრელის მოწყობა დადგენილი სტანდარტებითა და ნორმებით.
ოპოზიცია დღეს ამბობდა, რომ სწორედ ყველა ეს დარღვევა არის საბოლოოდ მიზეზი , რომ თბილსერვის ჯგუფის მუშაობა არაეფექტურია რაც გასულ ღამესაც დადასტურდა, როცა ქალაქმა მოსულ წვიმას ვერ გაუძლო და დაიტბორა.
კომპანიაში არსებული გადაცდომების მიუხედავად დღეს ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმშია და დედაქალაქის დატბორვას სისტემებში დაგროვილ ნაგავს აბრალებს, თუმცა რატომ არ ტარდება პერიოდულად გაწმენდითი სამუშაოები, აღარ აკონკრეტებენ.