"ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წამოსული, "ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ევროპელ ლიდერებთან "ჩვეულებრივი მოქალაქის ვიზიტია" და მას ქვეყნის სახელით ოფიციალური მოლაპარაკებების უფლება არ აქვს.
"საქართველოს პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ კონსტიტუციის დარღვევა არ შეიძლება და ამას მაინც აკეთებს, ზუსტად ამაზე მიანიშნებს, რომ ის პატივს არ სცემს არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ საქართველოს კონსტიტუციას და ასე იქცევა. რადგან მან გადაწყვიტა, რომ პირადი ვიზიტი მაინც განახორციელოს, ჩვენს უცხოელ კოლეგებს უნდა მივმართოთ, რომ იცოდნენ, რომ ეს არის ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქის ვიზიტი, რომლის უფლებაც მას ექნება იმის მერეც, როცა პრეზიდენტიც აღარ იქნება. მას არც სამართლებრივად, არც პოლიტიკურად არ აქვს უფლება, რომ ოფიციალურად იქ რაიმე მოლაპარაკებები აწარმოოს. პოლარიზების სიმბოლო გვარამია, რომელიც მან შეიწყალა და არ ახსნა, რატომ შეიწყალა, რომელიც იბრძვის კანდიდატის სტატუსის არმიღებისთვის და ესეც არ ახსნა ეს ფაქტი პრეზიდენტმა, ბუნებრივია, რომ სანდოობის ხარისხმა მის მიმართ დაიწია", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.
31 აგვისტოდან სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა მას გერმანიის პრეზიდენტთან დღეს ექნება. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, მთავრობამ პრეზიდენტს ვიზიტზე უარი უთხრა.