ვინ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს - რას ამბობენ ოპოზიციაში

გამოქვეყნდა:

ვინ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს - მმართველ გუნდს კენჭისყრაზე 100 ხმა დასჭირდება. "ქართულ ოცნებას" "ხალხის ძალასთან" ერთად პარლამენტში 84 ხმა აქვს. 

ცნობილია, რომ "ევროპელი სოციალისტები", რომლებსაც პარლამენტში 4 დეპუტატი ჰყავთ, იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ. 

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს "გირჩი", რომელსაც პარლამენტში 4 დეპუტატი ჰყავს ამბობს, რომ პროცედურას მხარს არ დაუჭერს, "მოქალაქეებიდან" ქეთევან თურაზაშვილის ზეპირი განცხადების მიხედვით, მხარდაჭერა "ოცნებას" არც მათგან ექნება. 

"გვექნება შესაბამისი კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან, ვინც პარლამენტში არის და ვნახავთ შესაძლებელი იქნება თუ არა 100 ხმის მოგროვება. ამით კიდევ ერთხელ მოხდება იმის დემონსტრირება, ოპოზიციისთვის, კონსტიტუცია უფრო მაღალია თუ გარკვეული პოლიტიკური მიზნები, რომელიც კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ არის მიმართული", - თქვა "ოცნების" დეპუტატმა, გივი მიქანაძემ.

იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ "საქართველოსთვისა" და "ლელოს" დეპუტატებიც, ასევე "ევროოპტიმისტები" და "სტრატეგია აღმაშენებელი".

"ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი ფაქტობრივად საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. მეორე, ეს გახლავთ მიზანმიმართული ნაბიჯი ქვეყანაში რადიკალიზაციის, დაპირისპირების, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, რაც რა თქმა უნდა, ქართულ სახელმწიფოს სტაბილურობის სერიოზულ პრობლემას უქმნის. სწორედ ამიტომ, პარტია „საქართველოსთვის“, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს. გარდა ამისა, მინდა თხოვნით მივმართო ბევრ ღირსეულ ადამიანს, ვინც დარჩა ჯერ კიდევ „ოცნებაში“, მინდა მათ ვკითხო, როგორ ფიქრობთ, 2012 წელს გამარჯვების შემდგომ, რატომ არავის მოსვლია აზრად სააკაშვილის იმპიჩმენტის დაყენება და დღეს რატომ აყენებს ვიღაც საქართველოს იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რომლის არჩევაშიც თქვენც და მეც პირადად დიდი წვლილი გვაქვს მიღებული?" აცხადებს "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ანი წითლიძე ამბობს, რომ "ოცნების" ქმედება რუსული პოლიტიკის ნაწილი და რუსული გეგმის გაგრძელებაა. მისი თქმით, როდესაც მინიმალური შანსი ჩნდება სტატუსის მიღების, მმართველი გუნდი მის საბოტაჟს ახდენს.

დეპუტატმა როსტომ ჩხეიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ევროპის დედაქალაქებში ვიზიტებს მართავს, რომ სტატუსის მიღებას მეტი მხარდამჭერი მოუპოვოს და თუ ვინმე ამის წინააღმდეგია, ეს დანაშაულია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი